სამართალი
პოლიციელების მიერ მოწმის შესაძლო ცემის ფაქტს გურჯაანის პროკურატურა სწავლობს
გურჯაანის რაიონული პროკურატურა მოწმე ზვიად უტიაშვილის განცხადებით დაინტერესდა. მისი თქმით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცემეს.
როგორც speqtri.ge-ს პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე საქმის შესწავლა მიმდინარეობს.

საუბარია ომარ ცისკარაშვილის საქმეზე, რომელმაც მიმდინარე წლის 11 მაისს, გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, პატრულ-ინსპექტორების მისამართით ისროლა.
გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ომარ ცისკარაშვილმა 2016 წლის 11 მაისს, ღამით, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მოწმე ზვიად უტიაშვილმა, ვისი მანქანითაც, გამოძიების ცნობით, ბრალდებული გაიქცა, გუშინდელ პროცესზე განაცხადა, რომ ინცინდენტის ღამეს, დაკითხვამდე, გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუმცა მისივე განმარტებით, ამის თაობაზე პროკურატურისთვის არ მიუმართავს.

ზვიად უტიაშვილის ცემის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

ამავე თემაზე:
გურჯაანის სასამართლომ მოწმეს პატიმრობა შეუფარდა
| Print |
FaceBook Twitter Google