ვიდეო
ვინ ზარალდება ტაქსების უკანონო პარკირების გამო [Video]
გურჯაანში, ცენტრალური ქუჩის ორივე მხარეს, სადაც თითქმის ყველა სტრატეგიული ორგანიზაციაა განთავსებული, თვითნებურად მოწყობილი ტაქსების სადგომია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიარაერთი საჩივარი შევიდა, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ ხდება. გურჯაანის, პირველი საჯარო სკოლის ისტორიის, სამოქალაქო განათლების პედაგოგი მარიკა შანყულაშვილი ამბობს, რომ გზებზე თვითნებურად მოწყობილი „ტაქსის“ სადგომები უკანონობაა. „ტაქსების უკანონო პარკინგი ყველა მოქალაქეს სერიოზულ პრობლემას უქმნის. მაგალითად, „ავერსში“ შემსვლელ კლიენტებს საკუთარი ავტომობილის 2 წუთით გაჩერების საშუალება არ ეძლევათ, რადგან იქ მუდმივად დგანან „ტაქსები“. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ცენტრალურ ქუჩაზე გზა ორად არის გაყოფილი და არც თუ ისე ფართეა, შესაბამისად, იქ არსებული „ტაქსების“ სადგომი ამ გზას კიდევ უფრო ავიწროებს. ტაქსებისთვის სპეციალური პარკინგი უნდა არსებობდეს.“

შექმნილი სიტუაციით შეწუხებული და უკმაყოფილო არიან ამ ქუჩაზე მდებარე კომერციული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც, რადგან მათ წინ მანქანის გასაჩერებელი ადგილი მუდმივად დაკავებულია. როგორც სხვადასხვა სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებმა განგვიცხადეს, მათ გურჯაანის გამგეობას შესაბამისი პრობლემის მოგვარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. გურჯაანში „პსპ 76“-ის მენეჯერი ნინო ბაწაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ გზის პირზე განთავსებული ტაქსების სადგომი პრობლემას უქმნის როგორც კომპანიის ავტომობილს, ასევე აფთიაქის კლიენტებს. „ჩვენი მომხმარებლები ხშირად შემოდიან საყვედურით, რომ სურთ მედიკამენტები „პსპ“-ში შეიძინონ, მაგრამ ავტომობილის გაჩერებას ვერ ახერხებენ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კომპანიის კუთვნილი ტრანსპორტის პარკირებაც შეუძლებელია, რომ აფთიაქში წამლები შემოვიტანოთ. რამდენჯერმე დავდგით სპეციალური ნიშანი სადგომის დასაკავებლად, თუმცა უშედეგოდ, ჰაერში ააფრიალეს და მოისროლეს“.

ამ საკითხთან დაკავშირებით ე.წ. „გერგიძეების“ აფთიაქში ოფიციალური კომენტარი არ გააკეთეს. მენეჯერმა პირად საუბარში გვითხრა, რომ მას აფთიაქის შიგნით არსებული სიტუაცია ეხება, ხოლო გარეთ რა ხდება, მისი საქმე არ არის. „ავერსში“ კი პირადი საუბრისას განგვიცხადეს, რომ სანამ გია გერგიძე გემგებელი გახდებოდა აქტიურად ცდილობდა პრობლემის მოგვარებას, თუმცა თვითმმართველობის სათავეში მოსვლის შემდეგ ამ საკითხზე ხმა აღარ ამოუღია. როგორც „ავერსის“ კახეთის რეგიონული წარმომადგენელი ნინო ხაზიური ამბობს, ხშირად აფთიაქის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრებიც ჯარიმდებიან, რადგან ტაქსების სადგომის გამო ავტომობილის გაჩერება საგზაო წესების დარღვევით უწევთ.
„ჩვენი ორგანიზაციის წინ თანამშრომლები მანქანას ვერ ვაჩერებთ. ძალიან ხშირად გვიწევს რამდენიმე წრის შემოვლა, რომ როგორმე ცარიელი ადგილი ვნახოთ. ჩვენი მეუღლეები საღამოს წასაყვანად გვაკითხავენ და არასწორი გაჩერების გამო, პატრული ხშირად აჯარიმებთ. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აფთიაქის თანამშრომლები და კომპანიაც ვზარალდებით. ამავე მიზეზებით, მომხმარებელიც ვერ აჩერებს მანქანას. საყვედურებს ვიღებთ კლიენტებისგან და ჩვენვე ვგრძნობთ თავს უხერხულად. გამგეობას არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ ამაოდ“.


აღნიშნულთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის განყოფილების სპეციალისტი გია ამისულაშვილი განმარტავს, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩვენ ვაკეთებთ პროექტს „ქალაქის პასპორტი“, რომელზეც უკვე ვმუშაობთ და აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საპროექტო სამსახურთან გვაქვს მოლაპარაკებები. პროექტის ფარგლებში ქალაქში გაკეთდება საავტომობილო ნიშნები და დაიხაზება ასფალტის საფარი, რაც თავის მხრივ, დაარეგულირებს მოძრაობას და ამ პრობლემასაც მოაგვარებს. საპროექტოს თანამშრომლებმა შეისწავლეს ქალაქი და გარკვეულ რეკომენდაციებსაც მოგვცემენ, სად მოეწყოს ტაქსების სადგომი, სად გაკეთდეს პარკინგი, ქვეითთა გადასასვლელი და ა.შ. ამჟამად პატრულს უჭირს საგზაო წესების დარეგულირება, რადგან საგზაო ნიშნების არარსებობის გამო რთულია განსაზღვრო სად შეიძლება დგომა და სად - არა. შესაბამისად, როდესაც იქნება სათანადო ინფრასტრუქტურა, პოლიციაც მაქსიმალურად ეფექტურად იმუშავებს ამ კუთხით“.
უკვე არსებობს სავარაუდო ადგილები, სადაც ტაქსების სადგომი გაკეთდება. გია ამისულაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც საპროექტოდან რეკომენდაციებს მიიღებენ, პირველი სადგომი, შესაძლოა, ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე მოეწყოს, მეორე ეკლესიის მიმდებარედ, ხოლო მესამე რკინიგზის სადგურის წინ.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ტაქსი / აფთიაქი /