კულტურა
მეოცე საუკუნის კინოლეგენდა-უცნობი ნატო [VIDEO]

"მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს."  დაწერა პოეტთა მეფე გალაკტიონმა. როგორც ჩანს, სოწორედ ასეთი  იყო ქართველი კინოლეგენდის, ნატო ვაჩნაძის უკანასკნელი სიყვარული. მეზღვაური ანატოლი კაჭარავა გარდაცვლილი მეუღლის ფოტოსთან, სიკვდილის ბოლომდე მუდამ აწყობდა ცოცხალ ყვავილებს.

"ქართული კინოს გზასავალზეც დარჩა ერთი ლეგენდა, ლამაზი ნათელი და სევდანარევი. ლეგენდა იმაზე, რომ ვარკვლავები არ კვდებიან, ვარსკვლავები ქრებიან მხოლოდ." -აღნიშნავს ოთარ სეფიაშვილი ნატო ვაჩნაძეზე. ლეგენდას აქვს ლეგენდა საუცხოო სიყვარულზე.
ნატოს მესამე სიყვარული, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დამაარსებელი, მეზღავაური ანატოლი კაჭარავაა. მათ ნატოს ტრაგიკულ გარდაცვალებამდე ცხრა თვით ადრე შექმნეს ოჯახი. მშვენიერი ნატო გულში მას ახალგაზრდობაშივე ჩაუვარდა. მერე დიდხანს ელოდა, ბედნიერებაც მოვიდა, მაგრამ 1953 წლის 14 ივნისმა ეს ბედნიერება ცაში დაფერფლა. თუმცა, დარჩა მარადიული სიყვარული.
"მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ანატოლი კაჭარავა დაოჯახდა, სიკვდილის ბოლომდე, მას მუდამ ეწყო ცოცხალი ყვავილები ნატოს ფოტოსთან. ამის შესახებ ანატოლი კაჭარავას მეორე მეუღლე იხსენებდა,"-გვითხრა ნატო ვაჩნაძის სახელობის სახლმუზეუმის ფონდის მცველმა ნინო ნიბლაძემ.
ნატო გიორგის ასული ანდრონიკაშვილი 1904 წლის 14 ივნისს ვარშავაში დაიბადა. მამა გიორგი ანდრონიკაშვილი არისტოკრატული წარმომავლობის ოჯახიდან გახლდათ, რომელიც ოფიცერი იყო და ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა. დედა, ეკატერინე სლივინცკაია, წარმოშობით პოლონელი, დაქვრივების შემდეგ ოთხ შვილთან ერთად, მეუღლის მამულში, კახეთში დაბრუნდა. ადნრონიკაშვილების სასახლე გურჯაანში მდებარეობს.
კახეთში ნატომ მერაბ ვაჩნაძე გაიცნო, რომელსაც მეშვიდე კლასის გამოცდების ჩაბარების შემდეგ გაჰყვა ცოლად. მერაბ ვაჩნაძისგან ნატოს ჰყავდა ვაჟი – თენგიზი. მერაბი ვაჩნაძე 1939 წელს გადასახლებაში დაიღუპა.
1926 წელს მსახიობი კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიაზე დაქორწინდა და მას თავისი ცხოვრების რეჟისორი უწოდა. "ნიკოლოზ შენგელაიასთან მუშაობამ გარდატეხა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. შენგელაია შემიყვარდა", - აცხადებდა ნატო ვაჩნაძე. მათი დაახლოება ნიკოლოზ შენგელაიას ფილმზე "გიული" მუშაობის დროს მოხდა, რომელშიც ნატო მთავარ როლს ასრულებდა.
1943 წელს, კინოფილმის "ის კვლავ დაბრუნდება" გადაღების დროს, რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია გულის შეტევით გარდაიცვალა. რთული აღმოჩნდა მსახიობისთვის ამ პერიოდის გადალახვა. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ იმ წლებში სიკვდილის სიახლოვის შეგრძნება სტანჯავდა.
თავად ნატო კი 1953 წლის 14 ივნისს - საკუთარი დაბადების დღეს დაიღუპა, როდესაც მოსკოვიდან თბილისში მოფრინავდა. თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ნიკოლოზ შენგელაიას სოფელთან ახლოს განიცადა. ნატოს დამწვარი სხეული მისმა დამ კირა ანდრონიკაშვილმა საგვარეულო ბეჭდით ამოიცნო. სიცოცხლის მანძილზეც და სიკვდილის შემდეგაც, ნატო ვაჩნაძე მრავალი ცნობილი თუ უცნობი პოეტის მუზა გახდა.
ქართველ კინოლეგენდას არაერთი პრიზი აქვს აღებული. 1935 წელს მას რუსეთის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა, ხოლო 1941 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტი გახდა. 1941 წელს მიიღო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია ფილმისთვის "ოქროს დაბლობი". დაჯილდოებულია ოთხი ორდენით. ნატო ვაჩნაძე პირველი ქართველი მსახიობია, რომელიც მიწვეული იყო ვენეციის კინოფესტივალზე "ბიენალე."
გამორჩეულ ქართველ კინომსახიობს, რომელიც მუნჯი კინოს დედოფლადაა აღიარებული, სამი ვაჟი დარჩა. თენგიზ ვაჩნაძე, გიორგი და ელდარ შენგელაიები. შენგელაიების ოჯახში სახელი ნატო თაობიდან თაობებს გადაეცემათ. ნატო ვაჩნაძე დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.





| Print |
FaceBook Twitter Google