ჯანდაცვა
უსახლკარო ოჯახები საარსებო შემწეობის გარეშე [Video]



ადრიანად ძროხას მოწველის, ქათმებს მიხედავს და შემდეგ საოჯახო საქმეებს შეუდგება - 46 წლის სვეტლანა გელაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში, კახა ხაჩიძის ორსართულიან სახლში, არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. კახა შშმ პირია და მისი მეურვეობა სვეტლანას აკისრია. მესამე წელია სოციალური დახმარება შეუწყვიტეს. როგორც თავად ამბობს, მიზეზი საცხოვრებელი ფართია. არადა, სახლის კედლები დაბზარულია, ჭერი დაზიანებული, წყალი ჩამოდის. კიბე ისეა დაშლილი, სიფრთხილით ადიან, ეშინიათ, არ ჩამოინგრეს. აივანზე იატაკის ნაცვლად მხოლოდ ფიცრები აწყვია, სინესტის შესაკავებლად, ჩამოშლილ კედლებზე პლედებია ჩამოფარებული.

მარანში ძველი, საბჭოური მაცივარი „ორსკი“ კარადის მოვალეობასაც ძლივს ასრულებს, ახლის შესაძენად კი ოჯახს ფინანსები არ გააჩნია. ზაფხულის გაუსაძლის სიცხეში გაყინული წყალი ბოთლით სვეტლანას მეზობლისგან გამოაქვს და ხალათში ფუთავს, რომ მზის სხივებმა მალე არ დაადნოს.
ეზოში ძროხის სადგომი და საქათმეა, ისიც ავარიული.

მარტოხელა დედა უსახსრობის გამო ვერც შვილის განათლებაზე ზრუნავს. 17 წლის გიორგი თბილისის ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობდა, მაგრამ სასწავლებელი მალევე მიატოვა. მოზარდი კარატეთია გატაცებული, სახლის კედლებზე მის რამდენიმე დიპლომსა და მედალსაც ნახავთ, თუმცა იმის გამო, რომ შეჯიბრზე წასასვლელ ფულს ვერ აგროვებდნენ, სპორტსაც თავი დაანება.

სვეტლანა გელაშვილმა ლაგოდეხის სოციალური მომსახურების სააგენტოს რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.
„უკვე რამდენიმე წელია ამ სახლში ვცხოვრობ და დახმარებასაც ვიღებდი. შემდეგ თურქეთში წავედი, იქ სამი თვეც ვერ გავჩერდი, რადგან შესაფერისი სამუშაო ვერ ვიპოვე, ფიზიკური დატვირთვა კი ჩემთვის არ შეიძლება. დახმარება ავტომატურად შემიწყდა. როდესაც დავბრუნდი, განცხადება ხელახლა დავწერე, შემამოწმეს და მაღალი ქულა მომივიდა. საკითხის გასარკვევად სოციალურ სააგენტოს მივმართე, მითხრეს ორსართულიანი სახლი გაქვს და დახმარება მაგიტომ შეგიწყდათო. თქვენც კარგად ხედავთ, რა პირობებში ვცხოვრობთ. დეკლარაციაში შეიტანეს, რომ მყავს 2 ძროხა, 8 ქათამი, ბატები, სხვა ისეთი რა ჩაწერეს, რამაც ამხელა ქულები გამოიწვია, არ ვიცი.“

გურჯაანში მცხოვრებ 89 წლის სურენა ბაირამაშვილს, რომელიც მეორე ჯგუფის ინვალიდია და შვილიშვილის სახლში ცხოვრობს, სოციალური დახმარება 9 თვის წინ მოუხსნეს. მარტოხელა მოხუცი მეზობლებისა და პენსიის იმედადაა დარჩენილი.
მასთან სტუმრად მისულებს სურენა პაპა საწოლში დაგვხვდა. იქვე მდგარ სკამზე წამლების გროვაა. იმისთვის, რომ წამალი თვალში სხვის დაუხმარებლად ჩაიწვეთოს, საწოლის თავთან სარკე აქვს მოწყობილი, კედელზე მიმაგრებული ძველი ვინტილატორი კი ზაფხულის სიცხის დაძლევაში ეხმარება. მთელი დღის მარტოობით გამოწვეულ სიჩუმეს მხოლოდ მეზობელი ურღვევს, ისიც მაშინ, როდესაც მასთან საჭმელი მიაქვს.

„საკუთარი სახლიც კი არ მაქვს. ბინა, რომელშიც ადრე ვცხოვრობდი, შვილიშვილმა წამართვა. ამბობს, რომ ვითომ ჩემმა მეუღლემ სიკვდილამდე გადაუფორმა. ავადმყოფი კაცი გამომაგდო და დავრჩი ასე, ღვთის ანაბარა. ეს ერთოთახიანი ბინაც მისია და მუდმივად მახსენებს, რომ ჩემი გაგდება შეუძლია. სოციალურ დახმარებას 2006 წლიდან ვიღებდი და ცხრა თვის წინ შემიწყვიტეს. ავადმყოფი კაცი ვარ, ერთი თვალი არ მაქვს, მეორეც მაწუხებს. ნემსი, რომელსაც ვიკეთებ, 65 ლარი ღირს. დანარჩენი წამლები კიდევ სხვააა.“

დახმარების შეწყვეტის მიზეზი მისთვის უცნობია. საჯარო რეესტრის ამონაწერს გვაჩვენებს, სადაც გარკვევით წერია, რომ სახლი მის შვილიშვილს, ვინმე ქეთევან ელიზბარაშვილს ეკუთვნის.
როგორც თავად ამბობს, მარტოობა უკვე გაუსაძლისი გახდა, ამიტომ სათნოების სახლში წასვლის სურვილი გამოთქვა. თუმცა, იმის გამო, რომ მაღალი სარეიტინგო ქულა მიიღო, დღიურად 3 ლარის გადახდა ეკუთვნოდა, რაზეც უარი განაცხადა.

ხელახალი გადამოწმების თხოვნით, სოციალურ სააგენტოს რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთხელ მიმართა. ახლა შედეგებს ელოდება. თუკი სახელმწიფო თავშესაფარის ხარჯებს სრულად დაფარავს, უახლოეს დღეებში მისამართს შეიცვლის და ცხოვრებას სხვა მოხუცებთან ერთად განაგრძობს...
სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, სოციალური აგენტი ვალდებულია ბენეფიციარი იმ მისამართზე შეამოწმოს, სადაც რეალურად ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, ეს სახლი მისი საკუთრებაა თუ არა. თუკი ბენეფიციარი სხვის სახლში კარგ პირობებში იმყოფება, ეს სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი ვერ გახდება, რადგან ქულის ფორმირებაზე ბევრი სხვა კომპონენტი ახდენს გავლენას. დეკლარაციაში ასეთი საცხოვრებელი ფართი ბენეფიციარის ქონებად არ აღირიცხება.

გურჯაანის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა თოდაშვილის თქმით, სურენა ბაირამაშვილი რამდენიმე კვირის წინ გადამოწმდა, განაცხადი უკვე გადაგზავნილია და პასუხი უახლოეს მომავალში იქნება.





„დახმარების შეწყვეტის მიზეზი სხვა საცხოვრებელი ფართი და ავტოფარეხი გახდა. რამდენიმე კვირის წინ, ამ ადამიანის მდგომარეობა შეიცვალა. მიენიჭა ინვალიდობის ჯგუფი და გადავიდა იმ სახლში, რომელიც დამატებით საცხოვრებლად დაფიქსირდა. ამჟამად, მარტო ცხოვრობს და აღარც ავტოფარეხი აქვს. მისი მონაცემები გადაგზავნილია მონაცემთა ბაზაში. იმედია, პასუხით კმაყოფილი დარჩება.“

რაც შეეხება სვეტლანა გელაშვილს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახი სიღატაკის ზღვარს მიღმა არ არის და მათ თავის რჩენა სახელწიფოს დახმარების გარეშეც უნდა შეეძლოთ.





„ის მონაცემები, რაც აისახება დეკლარაციაში, კომპლექსურად გვაძლევს საერთო სურათს და შესაბამისად, ამის მიხედვით დგება ქულაც. როგორც ვიცით, ამ ოჯახს მიაჩნია, რომ სახლის ფართის გამო მოეხსნათ დახმარება. ეს დეკლარაციაში ერთ-ერთი მონაცემია, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მაღალი ქულის მიზეზი. სახლი ნამდვილად დიდია, მათ ასევე გააჩნიათ, სამეურნეო ნაგებობები, დაფიქსირებული აქვთ შემოსავალი კერძო საქმიანობიდან, ოჯახში ერთი ჯანმრთელი, შრომისუნარიანი წევრია და ესეც მატებს ქულას. შშმ პირი სახელმწიფოსგან იღებს შესაბამის სოციალურ პაკეტს. დეკლარაციის მიხედვით ასე ჩანს, რომ ოჯახი არ არის სიღატაკის ზღვარს მიღმა, ისინი წესით თავის რჩენას უნდა ახერხებდნენ,“
- აღნიშნა საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ტატა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დეკლარაციაში მხოლოდ სახლის ფართი იწერება და არა ის, რა მდგომარეობაშია. „სახლის მდგომარეობას ყურადღება არ ექცევა, დეკლარაციაში აღნიშნულია ფართი და ოთახების რაოდენობა, რასაც იყენებენ საცხოვრებლად. მესმის, ამაზე შესაძლებელია განსჯა და კამათი, რამდენად სწორი ან არასწორია, მაგრამ თავის დროზე კვლევის შედეგად ასე განისაზღვრა. კედლები, ჭერი რა მდგომარეობაშია, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს პროგრამა არ არის იმისთვის, რომ ვიღაცამ სახლი შეაკეთოს, ან რემონტის საშუალება მიეცეს. ოჯახს ენიჭება ქულა, რათა არსებობა შეძლონ. თანხას საარსებო შემწეობა ჰქვია იმიტომ, რომ უკიდურესად გაჭირვებულებს მიეცეთ დახმარება.“

ადამიანის უფლებათა ცენტრს სოციალური დახმრების გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები ხშირად მიმართავენ. კახეთის ოფისის კოორდინატორის ლია ხუროშვილის განცხადებით, მეთოდოლოგია, რის მიხედვითაც სარეიტინგო ქულა განისაზღვრება, გადასახედია. „თუ ადამიანი სხვის სახლში ცხოვრობს, ფართსა და პირობებს სააგენტომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს. საცხოვრებელი სახლი შეიძლება კარგ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ის არ არის ბენეფიციარის საკუთრება და ვერც სრულად სარგებლობს, მხოლოდ გარკვეული ოთახი აქვს მიჩენილი. ვფიქრობ, ამას სააგენტო ინდივიდუალურად უნდა განიხილავდეს. მოქალაქეები ხშირად აღნიშნავენ იმასაც, რომ ფართის სიდიდის გამო შეუწყდათ დამხარება, თუმცა ეს საცხოვრებული საბჭოთა პერიოდშია აშენებული, ადამიანი ზოგჯერ ისე გარდაიცვლება, ბინის გარემონტებასაც ვერ ახერხებს. ვფიქრობთ, დასახვეწია ის მეთოდოლოგია, რის მიხედვითაც სარეიტინგო ქულის დათვლა ხდება. თუ ბინას აქვს ევრორემონტი, ოჯახიც მატერიალურად შეძლებულია, ისეთ კომერციულ ადგილზეა სახლი, რომ გააქირავონ, ამას მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, მაგრამ თუ ეს საცხოვრებელი გასამართია, დაბზარულია კედლები, პირიქით, დისკომფორტს ქმნის. ელემენტარულად, ზამთარში გათბობაც კი ჭირს. მარტო მშრალად იმის მითითება, რამდენი კვადრატული მეტრია, არასწორია.“

ლია ხუროშვილის რეკომენდაციით, მათ, ვისაც სოციალური დახმარება შეუწყდათ, უმჯობესია, შემდგომი რეაგირებისთვის მიმართონ არა სოციალური მომსახურების სააგენტოს, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს. ამის შემდეგ, ერთი ადგილობრივი აგენტის ნაცვლად, ბენეფიციარს საკოორდინაციო საბჭოს მონიტორინგის ჯგუფი გადაამოწმებს. ამ შემთხვევაში ვიზიტს ერთდოულად რამდენიმე აგენტი განახორციელებს.
| Print |
FaceBook Twitter Google