კულტურა
"მე გაზაფხულის ქალი ვარ" [Video]
მუზის მსახურია- ასე თავად ამბობს. ლექსებს მამაც წერდა და ფიქრობს, რომ პოეზიის ნიჭი გენეტიკურად გამოჰყვა. პირველი ლექსი ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში დაწერა, შემფასებლები მისი მშობლები იყვნენ. მამა შვილს კალამს უქებდა და ამბობდა, "მომავალში უკეთესი იქნებაო".
...მერე იყო სტუდენტობის წლები და მეგობრების წრეში წაკითხული სტრიქონები, თუმცა პოეტობაზე პრეტენზია არასდროს ჰქონია. პირველი ლექსი პატრიოტულ მოტივზე შექმნა.

ანა ზაკალაშვილისთვის მუზა განცდაა, რომელიც იმ დროს მოდის, როდესაც ემოცია ძლიერია.
-"ლექსი გულიდან უნდა მოდიოდეს, მონდომებით და სიბეჯითით ვერ დაწერ. მუზაც ისაა, რაც მთლიანად შეგძრავს, ეს იქნება უარყოფითი ემოცია თუ დადებითი. ყველაზე მძაფრი შეგრძნება ალბათ მაინც ცხრა აპრილის ტრაგედიისას მახსოვს, რასაც ცრემლით გაჟღენთილი სტრიქონები მოჰყვა. პირველი ლექსიც მაშინ დაიბეჭდა გაზეთში. არ ვიცი, შეიძლება ნახატმა აღძრას მუზა, დავჯდე და დავწერო."

ფართო საზოგადოებამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო, ლექსებიც და მისი ავტორიც ბევრმა ადამიანმა შეიყვარა. ემიგრანტმა ქალბატონმა, რომელიც 27 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს და ანნა ზაკალაშვილს ფიზიკურად არ იცნობს, ნახატიც კი მიუძღვნა.

ასევე სოციალურ ქსელში დაიბადა ლექსების კრებულის გამოცემის იდეაც. "მე გაზაფხულის ქალი ვარ"- ასე ჰქვია მის პირველ წიგნს. "რამდენიმე დღე თუ აღარ გამოვჩნდი სოციალურ ქსელში, მკითხულობენ, როგორ ვარ. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს და დიდი ბედნიერებაა. ლექსების კრებული ჩემმა მკითხველმა მოითხოვა. ისინი მეკითხებოდნენ მქონდა თუ არა წიგნი გამოცემული. თეთნულდზე დავწერე ლექსი და სოციალურ ქსელში განვათავსე, გამომეხმურა 12 წლის წინ წასული ემიგრანტი მაია წოწორია, მან დამასპონსორა და ასე გაჩნდა პირველი კრებული."

ანა ზაკალაშვილი ეკონომისტია, თუმცა ამბობს, რომ ხელოვნების მარცვალი ყველა ქართველში დევს. იმისთვის, რომ გრძნობდე და დაწერო, პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს.
ყველა ლექსი ერთნაირად უყვარს, მათში სხვადასხვა დროის განცდებია ასახული. გაჩერებას არ აპირებს, წერს, როდესაც მუზა მოვა. ბოლოს, ყველა ლექსი თავს ერთად მოიყრის და ანნა ზაკალაშვილის ახალი ლექსების კრებულიც დღის სინათლეს იხილავს.



| Print |
FaceBook Twitter Google