ვიდეო
93 ჯარიმა პერსონალური მონაცემების დარღვევისთვის [Video]
28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საქართველოში მიმდინარე წელს მეოთხედ აღნიშნავენ.
პერსონალურია ნებისმიერი მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება. მაგალითად: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონისა და პირადი ნომერი, მიმოწერა, აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი, დიპლომი, ავტობიოგრაფია, საბანკო მონაცემები, ცნობა ნასამართლეობის შესახებ, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებები, ჯანმრთელობის ცნობა, რეცეპტი და სხვა. უფლება გაქვთ, იცოდეთ, ვინ და რის საფუძველზე აგროვებს, ინახავს ან სხვაგვარად ამუშავებს ინფორმაციას თქვენს შესახებ.

თუკი თვლით, რომ ვინმეს მხრიდან თქვენი პერსონალური მონაცემები დაირღვა, შეგიძლიათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს აცნობოთ. (ტელეფონის ნომერი-032 2 42 10 00) გურჯაანში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვკითხეთ მოქალაქეები, რომელთაგან უმრავლესობამ არ იცოდა პირადი მონაცემების დარღვევის შემძთვევაში ვისთვის უნდა მიემართა.

როგორც speqtri.ge-ს ინსპექტორის აპარატში განუცხადეს, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს მოქალაქეების მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

-„2016 წლის განმავლობაში ინსპექტორის აპარატმა გასცა 3840 კონსულტაცია, განიხილა 216 განცხადება. შარშანდელთან შედარებით გაზრდილია ინსპექტირებების რაოდენობაც, 54-დან 87-მდე. აპარატმა შეისწავლა მონაცემთა დამუშავება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, სასამართლოებში, შემოსავლების სამსახურში. რაც შეეხება კერძო სექტორს, შემოწმდა ონლაინ სესხების ამომღები, პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელი, საფინანსო, კომუნიკაციების განმახორციელებელი კომპანიები. გამოვლინდა 195 სამართალდარღვევა, გაფრთხილდა/დაჯარიმდა 93 სუბიექტი. “

ცნობისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე ევროპის საბჭოს ინიციატივით 2007 წელს დაარსდა.

| Print |
FaceBook Twitter Google