ვიდეო
ჩართული მხარეების გაძლიერება თვითმმართველობის არჩევნებისთვის [Photo-Video]

5 დღის განმავლობაში 10 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის 25-მა მონაწილემ საარჩევნო საკითხების თეორიული კურსი გაიარა და პრაქტიკული სამუშაოებიც შეასრულა.
პარტია, „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლი გიორგი ხარატიშვილი ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შეიძინა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებსა და ტრენერებს იმისთვის, რომ მოგვცეს საშუალება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილეები ვყოფილიყავით. იქიდან გამომდინარე, რომ არ მაქვს საარჩევნო გამოცდილება, ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო ამ 5 დღის მანძილზე მოსმენილი სემინარები. ვფიქრობ, აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, მომავალი თითმმართველობის არჩევნებისთვის ძალიან გამომადგება.“

ტრენინგის მონაწილეებმა გაიარეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კონფლიქტების მართვა, გენდერი, ინკლუზიური არჩევნები, კენჭისყრის პროცედურები, დამკვირვებლების უფლებება-მოვალეობები და ა. შ.

სემინარების დროს მონაწილეებმა გამართეს იმიტირებული კონფლიქტი.

ტრენერის ნინო (ნანა) იოსელიანის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას.

„ჩვენ ყველა ერთხმად ვუჭერთ მხარს ამ პროექტს, რამეთუ საჭიროა ყველა ჩართული მხარის პოლიტიკური მონაწილეობის გააზრების მიზნით მათი კვალიფიკაციის ამაღლება. ისინი მზადდებიან არამარტო ეროვნული ჩარჩოს ფარგლებში, არამედ ეცნობიან საქართველოს საარჩევნო კოდექსს, მთლიანად ეხებიან საარჩევნო ციკლს, რომელიც მოიცავს ასევე საერთაშორისო სტანდარტებს. ამდენად ვთვლით, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იცოდეს არამარტო საკანონმდებლო ჩარჩო, არამედ შეხებაც უნდა ჰქონდეს საერთაშორისო სისტემებთან. ის, რაც მიიღეს ჩვენმა მსმენელებმა, ვფიქრობ, აუცილებლად გამოადგებათ. არ აქვს მნიშვნელობა, რა პოზიციაზე იქნებიან არჩევნების დროს.“

შეგახსენებთ, რომ პროექტს ახორციელებს ჟურნალისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ცესკო-ს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. მასში ჩართულია 24 პარტიის 120 წარმომადგენელი, რომლებიც ხუთ ჯგუფად არიან გადანაწილებული. სემინარების ციკლი 12 ივნისს დაიწყო და 14 ივლისს დასრულდება
| Print |
FaceBook Twitter Google