ვიდეო
კალაურში „ფოცხვერაანთ“ უბნის მოსახლეობა წყლის ხარისხს უჩივის [Video]
სოფელ კალაურში „ფოცხვერაანთ“ უბნის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა უკვე დიდი ხანია აწუხებს. ადგილობრივების თქმით, წყალი, რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ, სასმელად გამოუსადეგარია.

„წყალი ოთხ დღეში ერთხელ მოდის და მაშინაც ვერ ვიღებთ მარაგს. გინდაც ავიღოთ, სახმარად უვარგისია, ლაფიანი და გაუბედურებულია. ყოველ წელს გვპირდებიან მოგვარებას, მაგრამ ჯერ არაფერია. განსაკუთრებით გაზაფხულის დასაწყისში გვაქვს დიდი კრიზისი, ამ დროს უფრო მეტი გვჭირდება. თუ ცოტა მოწვიმა, ტალახი მოდის. ვერც სადილში და ვერც ჭურჭლის გასარეცხად ვერ ვხმარობთ. დასალევად დაბურღულიდან მოგვაქვს. ერთი კილომეტრიდან ვეზიდებით.“ - ამბობს speqtri.ge-სთან მანანა ბასოშვილი.

ამავე პრობლემაზე საუბრობს ნოდარ ქევხიშვილი
„ბასეინია დაბინძურებული და ტალახიანია. წყალი როცა მოდის, ჭიები და ათასი უბედურება მოსდევს. რამდენჯერ დავაყენეთ ეს საკითხი, მაგრამ არ გვეშველა. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გაკეთდეს. “

ააიპი გურჯაანის მუნიციპალური სერვისის დირექტორის ლევან წინწალაშვილის განმარტებით, წყლის ლაბორატორიული შემოწმება თვეში რამდენჯერმე ხდება.
„პრობლემაა ის, რომ ამ წუთას არის ყველაზე დიდი წყალსიმცირის პერიოდი, ამიტომ სოფელს წყალი გრაფიკით, სამ დღეში ერთხელ მიეწოდება. კარგად გვესმის, რომ ცალკეული ჭაბურღილების მონტაჟი არ წყვეტს ძირისძირობამდე ამ პრობლემას. ამიტომ დაწყებული გვაქვს უკვე მუშაობა სისტემურ ცვლილებებზე, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.
რაც შეეხება წყლის ხარისხს, ბასეინი წელს ორჯერ დაიქლორა, ამიტომ წყალს არანაირი ჭიები არ მოსდევს. ზოგადად, წვიმების მერე იცის სათავეებში წყლის ამღვრევა. სისტემატურად ვიღებთ წყლის ანალიზებს, ვამოწმებთ და არ გვქონია ჯერ შემთხვევა, რომ წყალი დასალევად ვარგისიანი არ ყოფილიყო. მაგრამ თუ რამე გამოგვეპარა , დღესვე წავლენ თანამშრომლები, აიღებენ ნიმუშს და კიდევ ერთხელ შევამოწმებთ ლაბორატორიულად.“



| Print |
FaceBook Twitter Google