ვიდეო
მივიწყებული ხელობის სადარაჯოზე - ფატმა მამედოვას ხალიჩები საქართველოს ფარგლებს გასცდა [Video]
იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში მცხოვრები 62 წლის ფატმა მამედოვა პროფესიით დაწყებითების პედაგოგია, თუმცა ამჟამად ლამბალოს საბავშვო ბაღში მუშაობს.



მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა - ხალიჩების ქსოვა - ბავშვობაში ისწავლა.
დღემდე ინახავს სკივრს წარწერით - გილოცავთ ქორწინებას, რომლითაც ოჯახში საკუთარი მზითვი მიიტანა. ამ სკივრში, სხვა საოჯახო ნივთებთან ერთად, აღმოაჩენთ მისი ხელით მოქსოვილ თუნგის მოსაკიდებელ, ასევე ცხენის დასაბმელ თოკს.

როგორც ფატმა გვიყვება, მაშინ ახალი პატარძლები თუნგით გამოდიოდნენ წყაროზე, გოგონებთან ერთად, და ტკბილეულსაც არიგებდნენ ამ რიტუალზე.
მზითვში საკუთარი ხელით მოქსოვილი ხალიჩებიც წაიღო.

-„ერთი მოქსოვლი მაქვს 1979 წელს, მეორე -1980 წელს, რომელზეც ჩემი სახელი ჩავაქსოვე - ფატმა. ჩემს შვილიშვილსაც ფატმა ჰქვია. ამ ხალიჩას სწორედ მისთვის ვინახავ.“



ქსოვას მეზობლებსაც ასწავლის. მათ იმ ხალიჩების შექმნაშიც ეხმარება, რომლის შეკვეთაც უცხოელებისგან მიიღეს.
ამბობს, რომ ამ ხალიჩას სამი ადამიანი ქსოვს და მის დასრულებას ერთი თვე სჭირდება.

-„თბილისში იმართება გამოფენა, სადაც უცხოელები ჩამოდიან და კარგ ფასს იხდიან,“ - ამბობს ფატმა.

ქსოვა ბავშვობაში, 11-12 წლის ასაკში დედისგან და ბებიისგან ისწავლა.
როდესაც ისინი ხელსაქმით იყვნენ დაკავებულები, ფატმა მათ საქმიანობას ადევნებდა თვალს.

-„მაშინ ტრადიცია იყო, ყველას სახლში ჰქონდა საქსოვი დაზგა და მთელი სოფლის ქალები ამით იყვნენ დაკავებულები.
ცხვარი ჩვენი გვყავდა, ვპარსავდით, მატყლს ვჩეჩავდით . ქალები ერთმანეთს ვეხმარებოდით ამ საქმეში. შემდეგ ჯარაზე ძაფს ვართავდით და ვღებავდით. ძაფს ვაშრობდით და ხალიჩის ქსოვას ვიწყებდით.
ამ ხალიჩის მოსაქსოვად, 30 კილოგრამი მატყლია საჭირო,საიდანაც
23 კილო ძაფი გამოდის. საქსოვად სხვადასხვა სისქისა და ხარისხის ძაფი
გვჭირდება. ნაპირებიც განსხვავებული ძაფით, სხვა პრინციპით უნდა დამუშვდეს, რომ ხალიჩა არ დაიშალო და უფრო გამძლე გამოვიდეს.“

ამბობს, რომ ამ ხელობის მიმართ ინტერესი გაქრა. ხალიჩების ქსოვით დღეს ბევრი არ არის დაინტერებული, მაგრამ ვისაც სურვილი აქვს, სიამოვნებით შეასწავლის.
ეიმედება, რომ მისი შვილიშვილი მის საქმიანობას გააგრძელებს.

-„ჩემს შვილიშვილს ქსოვა ძალიან აინტერესებს. ეხლა ჟაკეტს და ქუდს ვუქსოვ და სულ მეუბნება, მეც მასწავლეო. ჩხირებს მართმევს და ცდილობს მოქსოვოს.“

5 წლის ფატმა ბებიას გვერდიდან არ სცილდება და მის საქმიანობას ყურადღებით ადევნებს თვალს, ისევე როგორც თავად იქცეოდა ბავშვობაში.
ბებიას მოსახელემ სკივრიც თავად ჩაკეტა საგულდაგულოდ და გასაღებსაც თავისი ადგილი მიუჩინა...



| Print |
FaceBook Twitter Google