ვიდეო
ვასილ მამათელაშვილი - კასრების ოსტატი გურჯაანიდან [Video/Photo]
სახელოსნო სათონეში აქვს მოწყობილი და მამისეული იარაღებით, ხელით მუშაობს. ეზოში ჩამწკრივებული, კასრებში ჩარგული აგავის ნერგების დანახვისთანავე გაგიელვებთ ის აზრი, რომ ამ სახლში ხის ოსტატი ცხოვრობს. 13 წელია, რაც პროფესიით ზოოტექნიკოსი, 70 წლის ვასილ მამათელაშვილი ბონდერის ხელობაზე მუშაობს.

მამა ბონდერი ჰყავდა და ბავშვობაში თავადაც ეხმარებოდა. ეს საქმეც სწორედ მაშინ შეისწავლა.

„მე-8 მე-9 კლასიდან ვეხმარებოდი მამას კასრების აღდგენაში და ხელობაც იქიდან ავითვისე. მამაჩემი რომ დაიღუპა, მას მერე ეს იარაღები ჟანგიანი ეყარა, მოუვლელი.

2009 წელში დავიწყე ხელობაზე მუშაობა და იმის შემდეგ ვაკეთებ ნებისმიერი ზომის კასრს, მოთხოვნა რაზეც არის. “
კასრებს ძირითადად მაინც თუთისგან ამზადებს, რადგან მუხა ძნელი საშოვარია. ამბობს, რომ ამ სფეროში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ მასალაა.





„ზოგ გლეხს სახლში უდგა დიდი თუთა, ვეძებ და ვპოულობ. პანკისშიც უფრო მეთუთეობას მისდევენ, იქიდან მომაქვს, აქ ახლომახლო სოფლებში თუ რამეა, ფასს ვიხდი და ჭრიან ჩემი გულისთვის. მუხას რაც შეეხება, შეშას ვყიდულობ და თუ შეშაში ურევია, იმას გადავარჩევ ხოლმე. საერთოდ მუხის მოჭრა არ შეიძლება, მაგრამ დანომრილი და წუნდებული რომ შეხვდებათ, იმას ჭრიან. კარგს არავინ მოგიტანს. ყველაზე ძვირფასია მაიკოპის და ფრანგული მუხა, მაგრამ ძალიან ძვირია. მე რომ მაიკოპში 1200 დოლარი გადავიხადო, ამას დავუმატოთ საქართველოში შემოტანისა და განბაჟების ხარჯი, ალბათ, 1500 დოლარზე მეტი დამიჯდება 1 კუბური მეტრი.“

სამასალედ ხეს მაინც განსაკუთრებით არჩევს. მისი თქმით, გასათვალისწინებელია წლიური ნაზარდის ზომა, ხის ასაკი და ისიც, თუ სად იზრდება. ამბობს, რომ ჭალის მუხა სამასალედ არ გამოდგება. ასევეა ახალგაზრდა ნერგიც.



„სამასალე მუხა უნდა იყოს 100 წლის ზევით, ახალგაზრდა ხე კასრებისთვის არ ვარგა, რადგან მასალად არ არის ჩამოყალიბებული, ცილები ბევრი აქვს. ამ ცილების გამოდევნაა საჭირო და ძნელია. პროდუქციას, რასაც ჩავასხავთ, კი არ გააკეთებს, პირიქით - გააფუჭებს.“

თუთისა და მუხის კასრებს, სხვადასხვა თავისებურება და სიკეთე აქვს. ვასილ მამათელაშვილის თქმით, მუხა უფრო არომატს აძლევს სითხეს, მაგრამ შეხედულებით, სილამაზით ძალიან კარგ ფერზე აყენებს და თანაც არაყი თუთის კასრში უფრო ბლანტი ხდება.

„ვინც ჩემგან კასრს ყიდულობს, რეკომენდაციას ვაძლევ, თუ როგორ უნდა დაამუშაოს, რომ სითხე არ გააფუჭოს. ეს დამუშავება გარკვეულ დროს მოითხოვს. მუხა უნდა გამოიწვას შიგნიდან, აილანძოს. გააჩნია მეღვინეს, რა ფერზე უნდა დააყენოს სითხე, ამის მიხედვით კეთდება ნაკლებად გამომწვარი, საშუალო და ძლიერად გამომწვარი. ალანძული კასრი უფრო სასიამოვნო გემოს აძლევს ღვინოს.“

ვასილ მამათელაშვილი ამბობს, რომ ბონდერის ხელობის შესწავლის მსურველი არავინაა. თუმცა, მისი შვილიშვილებიდან 9 წლის თორნიკე დაინტერებულია პაპის ხელობით. როდესაც მათთან არის სტუმრად, ცდილობს დაეხმაროს, ისიც აძლევს საშუალებას, რომ პატარა დეტალები გამოთალოს.

„ჯერჯერობით ამ ხელობის შესწავლის მსურველები არ არიან, თუ გამოჩნებიან ახალგაზრდები, სიამოვნებით შევასწავლიდი. ჩემი შვილიშვილები იარაღებს მთხოვენ და თლიან ხოლმე თავიანთთვის ნივთებს. თუ სერიოზულად დაინტერესდებიან, უფრო საფუძვლიანად შევასწავლი. არადა, საინტერესო ხელობაა. არაფრისგან, საშეშე მასალისგან ვაკეთებ კასრს.“



რაც შეეხება რეალიზაციას, ამბობს, რომ მოთხოვნა წინა წლებთან შედარებით გაიზარდა, მაგრამ კასრები მაინც სპონტანურად იყიდება. ზოგჯერ დღეში შეიძლება 10 ცალი გაყიდოს, შეიძლება თვე გავიდეს და ერთი კლიენტიც არ გამოუჩნდეს.

თუმცა, მაინც არ ჩერდება, მუშაობს, რადგან ეს საქმე სიამოვნებას ანიჭებს.
...და ასე სიყვარულით და რუდუნებით შექმნილი სხვადასხვა ლიტრაჟის კასრები, ეზოში ჩამწკრივებული ელოდება მყიდველს.



| Print |
FaceBook Twitter Google