საზოგადოება
კახეთში მოსახლეობის 15%-ია აცრილი - რატომ არ ენდობა მოსახლეობა ვაქცინაციას [Video]
კახეთი კვლავ რჩება საქართველოში ერთ-ერთ მოწინავე რეგიონად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში 530 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მაჩვენებლით თბილისისა და იმერეთის შემდეგ კახეთი მესამე ადგილზეა.

რაც შეეხება ვაქცინაციას, რეგიონში მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტია აცრილი. ამ თვალსაზრისით ქვემო ქართლი (10%) და სამცხე ჯავახეთი (13%) ჩამოგვრჩება.

Speqtri.ge-მ გურჯაანის მოსახლეობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხა - ენდობიან თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას?

უმრავლესობა, ვინც ვიდეოგადაღებას დათანხმდა, იმუნიზაციას დადებითად აფასებს, თუმცა საზოგადოების ნაწილი ვაქცინაციის მიმართ უნდობლობას გამოხატავს. აღსანიშნავია, რომ ანტივაქსერულად განწყობილი ადამიანები კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებდნენ, ზოგი მხოლოდ აუდიო კომენტარზე დაგვთანხმდა, თუმცა, გამოვკითხეთ ისეთებიც, ვინც პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა.





გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმუნიზაციის ექიმ ნონა შანიძის თქმით, იმუნიზაცია დღეს მეტად აქტუალური თემა გახდა, რადგან კოვიდის წინააღმდეგ სხვა ალტერნატივა არ არის.

„იმუნიზაციას აქვს საუკუნეების ისტორია და ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა სამედიცინო სფეროში იმიტომ, რომ ალტერნატივა არ აქვს, თუნდაც, კოვიდის შემთხვევაში.

თუმცა, სამწუხაროდ, ისევე როგორც საქართველოში, მათ შორის გურჯაანის არეალში, აცრები ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. პროცესი, ფაქტობრივად, წყდება. არის დღეეები, როდესაც ვაქცინაცია ერთეულ ადამიანებს უტარდებათ. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დღეს ჩატარებული ვაქცინაციის უდიდესი წილი იმათზე მოდის, ვინც პირველადი აცრა უკვე გაიკეთა. დანარჩენ შემთხვევაში, პირველადი აცრები ძალიან მდორე ტემპით მიმდინარეობს.“

რაც შეეხება უნდობლობას, ნონა შანიძე ამბობს, რომ მოსახლეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ აქვს საკმარისი და სწორი ინფორმაცია.

„ ჩვენ გვქონდა იმუნიზაციის მარათონი სოფელ ველისციხეში. სოფელი არის საკმაოდ დიდი და მოსახლეობას რომ ვხვდებოდით, ინფორმაციის ნაკლებობა ჰქონდათ - ვერ ერკვეოდნენ რაღაც ასპექტებში. ანტივაქსერული მიმართულება ძალიან გააქტიურებულია - ისეთი არგუმენტები მოჰყავდათ, რაც არ უნდა იცოდეს მოსახლეობამ დამახინჯებით. ეს არ არის მარტო შიშის ფაქტორი. ინფორმაციული შიმშილია, ასე დავარქმევდი იმიტომ, რომ ბევრ რამეში ვერ ერკვევიან. მაგ. საზოგადოებას ჰგონია, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული არ უნდა აიცრას, ამ დროს კი, ზუსტად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულს უნდა ჩაუტარდეს აცრა. შეიძლება ოჯახის ექიმებისგან ნაკლები ინფორმაციაა, შეიძლება ტელევიზიიდანაც ვერ იღებენ იმ კუთხით ინფორმაციას, რაც მოსახლეობამდე უნდა იყოს დაყვანილი, თუმცა ზუსტ მიზეზს ვერ გეტყვით.“

ნონა შანიძე მოსახლეობას მოუწოდებს იმუნიზაციისკენ, რადგნ, მისი თქმით, ორჯერადად აცრილ ადამიანებს, უფრო მარტივად გადააქვთ დაავადება.

„აუცილებლად უნდა ავიცრათ, რადგან თუკი ორჯერადად აცრილებს კოვიდი შეხვდებათ, მათ უფრო მარტივად გადააქვთ დაავადება, ხშირ შემთხვევაში, არც სტაციონარში ხვდებიან, არც რეანიმაციაში და, მითუმეტეს, სიკვდილიანობა გაცილებით დაბალია, თითქმის არ არსებობს დამტკიცებული შემთხვევები; “ - განაცხადა ნონა შანიძემ Speqtri.ge-სთან საუბრისას.

| Print |
FaceBook Twitter Google