ვიდეო
იორმუღანლოს თემის ბავშვები ბაღის მოლოდინში [Video/Photo]
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში, სოფელ დუზაგრამაში არსებულ საბავშვს საბავშვო ბაღში სკოლამდელი განათლების მიღება 35 ბავშვს შეუძლია.
აქ 4-დან 6 წლამდე აღსაზრდელებისთვის მხოლოდ ერთი ჯგუფი ფუნქციონირებს.






როგორც პერსონალი ამბობს, ბაღის გაფართოება აუცილებელია.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, ელზა გილაშვილის განმარტებით, დუზაგრამის ბაღში დაგეგმილია ცენტრალური გათბობის მოწყობა და ოთახის მიშენება, რადგან ფართი საკმარისი არ არის და სტანდარტებს არ შეესბამება.

„ პროექტი უკვე გაკეთებულია და უნდა მიშენდეს, დაემატოს ოთახები. ცალკე უნდა ჰქონდეთ სასადილო ოთახი, პერსონალის ოთახი არ გვაქვს. ამ ბაღს მხოლოდ ერთი ოთახი ჰქონდა და ერთი ტუალეტი, ჩვენ რაც შევძელით ამ ეტაპზე, გასულ წლებში მივაშენეთ ტუალეტი და საკუჭნაო.“ - ამბობს ელზა გილაშვილი.

დუზაგრამისგან განსხვავებით, სკოლამდელი აღზრდის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ მუღანლოს, ლამბალოს, ქეშალოს, თულარისა და ყველაზე მოშორებით მდებარე კაზლარში მცხოვრებ ბავშვებს, რადგან ამ სოფლებში საბავშვო ბაღი არ არის.

ფატმა, ლეილა და ალი სახლობანას თამაშობენ და დღის განმავლობაში ასე ერთობიან. მათი მამა, რაშხან ნოვრუზოვი ამბობს, რომ ბავშვებისთვის ბაღში სიარული აუცილებელია, ამიტომ ზოგიერთს შვილები ქართულ სოფელში, ბადიაურში დაჰყავს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ბექა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.
„ეხლა დაგეგმილი აქვს მუნიციპალიტეტს, მოაწყოს ახალი ბაღი, რომელიც მოემსახურება, კაზლარს, თულარს და ლამბმალოს. თულარისა და ლამბალოს საზღვარზე აშენდება ეს ბაღი. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს და მას შემდეგ რაც დასრულდება, დაფინანსების წყაროს მოვიძიებთ და დავიწყებთ სამუშაოებს. “ - გვითხრა ბექა ფეიქრიშვილმა.

მერიაში ვერ ასახელებენ ვადებს ვერც დუზარგამის ბაღში დაგეგმილ მიშენებასთან და ვერც იორმუღანლოს ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით.

იორმუღანლოში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობას კომპანია სოკარი გეგმავს. საძირველში, ე.წ. სიმბოლური კაფსულა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ჩააგდეს, თუმცა, მას შემდეგ სამუშაოები არ გაგრძელებულა.
























| Print |
FaceBook Twitter Google