კულტურა
21-დან 26 აგვისტოს ჩათვლით სიღნაღში "ART Festival 2022” გაიმართება [video]
21-დან 26 აგვისტოს ჩათვლით, სიღნაღი არტ-ფესტივალს უმასპინძლებს. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანია მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი სივრცის შექმნა, სახვითი ხელოვნების ამ დარგების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი SPEQTRI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მსგავსი ფესტივალი ქალაქისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სიღნაღს გააჩნია შესაბამისი გეოგრაფიული მდებარეობა, არქიტექტურა და ისტორია, რაც მხატვრებისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

„ჩემი აზრით, არის საჭირო და აუცილებელი, რომ მსგავსი ტიპის ფესტივალები ეწყობოდეს ამ ქალაქში. ქალაქი თვითონ, თავისი გეოგრაფიით, არქიტექტურითა და ისტორიით არის შთაგონების წყარო განსაკუთრებით მხატვრებისთვის იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი პეიზაჟებია.

ვფიქრობ, სიღნაღს აღვუდგინოთ, გავუცოცხლოთ და გავუძლიეროთ ის კულტურული სული, რომელიც ამ ქალაქს ჰქონდა ისტორიულად.

სიღნაღი იყო ხელოსნების, ხელოვნების ქალაქი და კულტურული ისტორიაც ქალაქ სიღნაღისა განსაკუთრებულია,“ - გვეუბნება მახლაზ ბეგიაშვილი.

მისივე თქმით, ფესტივალი მომავალში საერთაშორისო სახესაც მიიღებს.

„ფესტივალი ჩატარდება წელს პირველად. ჩვენი სურვილიც, რწმენაც და გადაწყვეტილებაც არის ის, რომ ამ ფესტივალმა ყოველწლიური ხასიათი მიიღოს. ვფიქრობთ, მომავალში მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გახდეს საერთაშორისო ფესტივალი და კიდევ უფრო ბევრი მონაწილე ჰყავდეს,“ - ამბობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი.

Signagi ART Festival“ საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმის მმართველი მარიამ ინანაშვილი აღნიშნავს, რომ წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში კონკურსი ორ ნომინაციაში - მხატვრობასა და სკულპტურაში გაიმართება.

„მხატვრების მიერ გაიმართება მასტერკლასები, მუსიკალური საღამოები, დახურვა მოხდება გალა-კონცერტით, გვეწვევა უამრავი სტუმარი. ფერმწერები გაშლილები იქებიან მთელ ქალაქში და, შესაბამისად, მართლაც სანახაობრივი იქნება.

დასკვნითი ღონისძიება გაიმართება ეროვნულ მუზეუმში, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული ორივე ნომინაციაში. გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი.

ექვსი დღის განმავლობაში ქალაქი იცხოვრებს უაღრესად ინტელექტუალური, შემოქმედებითი, გასართობი ცხოვრებით. მობრძანდით, ეწვიეთ სიღნაღს,“ - ამბობს მარიამ ინანაშვილი.

ფესტივალში გამარჯვებულ მონაწილეებს ჯილდოდ 500-500 ლარი გადაეცემა.
speqtri.ge ბედნიერ დასვენებას გისურვებთ.
| Print |
FaceBook Twitter Google