ჩემი არჩევანი
კენჭისყრის დღის პროცედურები
კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის დღეს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე

ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი

▪ არეგულირებს საარჩევნო უბანში შემოსული ამომრჩევლების ნაკადს;
▪ სთხოვს ამომრჩეველს წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ან პასპორტი), წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დაუშვებს ამომრჩეველს კენჭისყრის შენობაში;
▪ ულტრაიისფერი ფარნით ამოწმებს, აღენიშნება თუ არა ამომრჩეველს მარკირება.
იმ შემთხვევაში, თუ ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, ის არ დაიშვება ხმის მისაცემად.
▪ ამოწმებს, თუ რამდენი ამომრჩეველი დგას ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან.
თუ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი დგას, დროებით აყოვნებს ამომრჩეველს;
▪ მიუთითებს ამომრჩეველს, სარეგისტრაციო მაგიდასთან მისვლისას იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
▪ მიუთითებს ამომრჩეველს, მივიდეს იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის პირველი ასო.

ამომრჩეველთა რეგისტრატორი:

▪ სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი; იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში – დევნილის მოწმობა პირადობის მოწმობასთან (მოქალაქის პასპორტთან) ერთად .
დაუშვებელია პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის გარეშე საარჩევნო ბიულეტენის გაცემა.
▪ ამოწმებს, არის თუ არა ამომრჩეველი შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან (ან სპეციალურ) სიაში და ადარებს ამომრჩევლის პირად ნომერს;
თუ სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი არ განეკუთვნება მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, ის მონაწილეობას იღებს მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში;
ამომრჩეველი, რომლის პირადობის მოწმობაშიც არ არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი, მონაწილეობს მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში (თბილისში ასევე – თბილისის მერის არჩევნებშიც)
▪ უკეთებს ამომრჩეველს მარკირებას;
თუ ამომრჩეველი უარს განაცხადებს მარკირებაზე, ამომრჩეველი ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას;
▪ ხელმოწერით ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებს (უკანა გვერდზე, ამისთვის განკუთვნილ ადგილზე);
▪ რეგისტრატორის ბეჭდით ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებს (უკანა გვერდზე, ამისთვის განკუთვნილ ადგილზე);
▪ ადასტურებს ბიულეტენების გაცემას ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით;
▪ სთხოვს ამომრჩეველს, ხელმოწერით დაადასტუროს საარჩევნო ბიულეტენების მიღება ამომრჩეველთა სიაში თავისი გვარის გასწვრივ;
▪ გადასცემს ამომრჩეველს დამოწმებულ საარჩევნო ბიულეტენებს;
▪ მიუთითებს ამომრჩეველს შევიდეს ფარული კენჭისყრის კაბინაში.


ამომრჩეველი:
შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში.
დაუშვებელია ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის შესვლა ფარული კენჭისყრის კაბინაში.

კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე მოსთხოვონ უჩვენოს, თუ რამდენი ბიულეტენი აქვს მას ხელთ. ამომრჩეველი ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა;

კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.

▪ ავსებს საარჩევნო ბიულეტენებს.
▪ კეცავს ბიულეტენებს ისე, რომ არ ჩანდეს, თუ ვის მისცა ხმა.


საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი:

▪17 ფარული კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ, მიუთითებს ამომრჩეველს, აიღოს ერთი სპეციალური კონვერტი და ჩადოს მასში გადაკეცილი საარჩევნო ბიულეტენები (მხოლოდ ამომრჩეველს აქვს უფლება ბიულეტენები მოათავსოს სპეციალურ კონვერტში);
კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ, მოსთხოვონ ამომრჩეველს სპეციალურ კონვერტში ბიულეტენის ჩადებამდე უჩვენოს, თუ რამდენი ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს მას ხელთ. ამომრჩეველი ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა.
დაუშვებელია საარჩევნო ბიულეტენის კენჭისყრის შენობიდან გატანა.
▪ მას შემდეგ, როდესაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს, ხსნის საარჩევნო ყუთის ჭრილს და მიუთითებს ამომრჩეველს მოათავსოს სპეციალური კონვერტი საარჩევნო ყუთში;
დაუშვებელია საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა;
▪ მიუთითებს ამომრჩეველს დატოვოს საარჩევნო უბანი.
| Print |
FaceBook Twitter Google