არჩევნები
არასამთავრობოები ცესკოს მოუწოდებენ არჩევნები შაბათ დღეს დანიშნოს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, "სამართლიანი არჩევნები"  და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ცესკოს არჩევნების შაბათს დანიშვნისკენ მოუწოდებენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, არასამთავრობოების განცხადებით რიგი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება შემდეგ მიზეზთა გამო:

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება, თუმცა არჩევნების სამუშაო დღეს გამართვა სერიოზულ პრობლემას უქმნის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. მათთვის განსაკუთრებულად რთულდება საარჩევნო უფლების რეალიზება იმ ვითარებაში, როდესაც არჩევნები სამუშაო დღეს ტარდება, რადგან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საზღვარგარეთ უქმე დღე არ იქნება.

არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ სამუშაო კვირის შუა პერიოდში არჩევნების გამართვა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც გარკვეულ დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველს საკუთარი რეგისტრაციის ადგილზე სჭირდება მისვლა, რაც ხშირად ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილებას გულისხმობს, რისთვისაც ერთი სამუშაო დღის უქმედ გამოცხადება საკმარისი არ არის.

-"ცესკოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაცია შედეგების შეჯამებასთან ერთად კენჭისყრის თარიღსაც დანიშნავს, რაც არასამთავრობოების ინფორმაციით, იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღედ ოთხშაბათი, 28 ნოემბერი განისაზღვრება. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის თარიღად 1 დეკემბრის, შაბათი დღის განსაზღვრა საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეების საარჩევნო უფლებების რეალიზების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ცესკოს გაიზიაროს იგივე სულისკვეთება და პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადების თარიღთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად გაითვალისწინოს საქართველოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზების მნიშვნელობა”, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google