არჩევნები
"ნაციონალური მოძრაობა“ მათი კოორდინატორის პროკურატურაში დაბარებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს
„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორისა და სოფელ ვეჯინში უბნის ექიმის ელმირა ბეციაშვილის პროკურატურაში დაბარებას გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციაში ეხმაურებიან.
თემურ ბუწაშვილი აღნიშნულ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან ოპიზიციაზე პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

-„ეს არის შეთითხნილი ბრალდება, რომელიც არანაირ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება. წარმოუდგენელი ზეწოლა ხორციელდება იმ ადამიანზე, რომელმაც სახელისუფლებო გუნდს სოფელ ვეჯინში საპრეზიდენტო არჩევნებზე სრული კრახი განაცდევინა. არჩილ ხანდამაშვილი და სოფელ ვეჯინის დეპუტატი ზურაბ მუხულიშვილი ამას ვერ პატიობენ ბეციაშვილს. არჩევნების შედეგების შემდეგ, ფორსირებულ რეჟიმში ცდილობენ ამ ქალბატონზე ზეწოლა სხვადასხვა მეთოდებით მოახდინონ. დაიწყო ბინძური კამპანია ბეციაშვილის წინააღმდეგ, წინასწარ აანონსებენ სამსახურიდან მის გათავისუფლებას. სოფელში დადიან დეპუტატი და რწმუნებული, პაციენტებს ეუბნებიან, ქალბატონ ელმირასთან არ მივიდნენ, რადგან მას ხვალ-ზეგ უფლებამოსილება შეუჩერდება. ეს არის ბატონი არჩილ ხანდამაშვილის პირადი პასუხისმგებლობა, გურჯაანის მერს ვურჩევდი, მოდუნდეს, არჩევნები წაგებული აქვთ, ხალხის რევანშისთვის კიდევ უფრო მძიმე შედეგს მიიღებენ, ვიდრე ეს პირველ ტურში იყო“. – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილი.

აღნიშნულ პროცესებში რაიმე ფორმით ჩარევას უარჰყოფს გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი.

-„ბატონი თემურ ბუწაშვილი იტყუება, ახლა გავიგე თქვენგან, რომ ელმირა ბეციაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. ქალბატონი ელმირა სოფლის ექიმია და ვეჯინელებისთვის ავტორიტეტია. ის ექიმობის პარალელურად ეწეოდა აგიტაცია-პროპაგანდას „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. მე ვერ დავადასტურებ იმ ინფორმაციას, რასაც ფულის გადახდა ჰქვია, თუმცა არც გამოვრიცხავ. ამა თუ იმ სოფლის ექიმები, რომლებიც სხვადასხვა პარტიის აგიტატორები შეიძლება იყვნენ, არ უნდა იყენებდნენ ექიმის ვალდებულებებს პარტიის ინტერესებისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, არ შევწირო პოლიტიკურ ბატალიებს ჩვენი მოსახლეობის ინტერესები. ეს ყველაფერი ქალბატონ ელმირას ცუდად აქვს გამოყენებული.“- ამბობს არჩილ ხანდამაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი ელმირა ბეციაშვილი ქრთამის მიცემის შესაძლო ფაქტზე კახეთის საოლქო პროკურატურაში დაიბარეს.

საქმე ეხება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს. 70 წლის გულნაზ ცანკაშვილის მტკიცებით, მის რძალს ელმირა ბეციაშვილმა 40 ლარი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის სანაცვლოდ გააატანა. მას შემდეგ კი რაც ქალბატონმა თანხის აღებაზე უარი თქვა, რძალი და შვილი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google