არჩევნები
ცესკო განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით [R]
ცენტრალური საარჩევნო კომისია“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკანორ მელიას მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიმართ გაჟღერდა უსაფუძვლო ბრალდება და გავრცელდა მცდარი ინფორმაცია.
„მისი განცხადებით, ცესკო ხელოვნურად აყოვნებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაჯაროების პროცესს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლების მიზნით, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ცესკოს მონაცემები გადმოსცეს მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, იმ დღის მდგომარეობით.
ცხადია, ამომრჩეველთა სიის მოცულობიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდი იყო საჭირო მონაცემების დასამუშავებლად. ამ დროისთვის აღნიშნული პროცესი უკვე დასრულებულია და ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია ხელმისაწვდომია უფლებამოსილი პირებისთვის.“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმდინარე წლის 20 ნოემბერს ცესკოს მიმართა წერილობით ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემასთან დაკავშირებით. უწყებაში განმარტავენ, რომ ნაცვლად კანონით დადგენილი ორდღიანი ვადისა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ელექტრონული ვერსია ერთ დღეში, 21 ნოემბერს გასცეს.
ცესკო ასევე პასუხობს ნიკანორ მელიას განცხადებას ამომრჩეველთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით.

„ნიკანორ მელიამ განაცხადა, რომ თელავში, „ერთ პატარა ქალაქში“ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა 1019 ამომრჩევლით, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. აღსანიშნავია, რომ თელავის საარჩევნო ოლქში მიმდინარე წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია მხოლოდ 134-ით.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, არჩევნების მეორე ტურისთვის, ცესკოს მიერ ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე.“

ცესკო მიმართავს არჩევნებში მონაწილე მხარეებს, თავი შეიკავონ იმგვარი დაუსაბუთებელი განცხადებებისგან, რომელიც საარჩევნო პროცესს აზიანებს.

| Print |
FaceBook Twitter Google