კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სოზარ სუბარის წარდგენაზე [R]
ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა, დღეს სამგორელების წინაშე წარვსდგე,
რადგან პირველი - ძალიან მეამაყება, როგორც ქალაქის მერს, როგორც
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ
მდივანს, რომ ბოლოს წლების განმავლობაში, სამგორის რაიონში ძალიან
ბევრი, კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი გამხრციელდა.
მეორე - დღეს უნდა წარვუდგინო სამგორს და სამგორელებს ძალიან ღირსეული
ადამიანი, რომელიც თქვენი ინტერესების დამცველი, სამგორის და
სამგორელების ინტერესების გამტარებელი იქნება საქართველოს
პარლამენტში.
ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის
დღიდან, ქვეყანაში ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, ვითარება
უკეთესობისკენ შეიცვალა. მინდა, რამდენიმე მიმართულებას შევეხო:
ყველას კარგად გვახსოვს სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის
მიმართულებით, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყანაში; ყველას
კარგად გვახსოვს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ როგორი
დევნა იყო; განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების
ოჯახები როგორ იდევნებოდნენ; კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო
ჯანდაცვის სფეროში, განათლებაში, ინფრასტრუქტურული პროექტების
თვალსაზრისით, თუმცა 2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენ არჩევნების გზით,
როგორც ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება, რა თქმა უნდა,
მშვიდობიანად გავიმარჯვეთ, ყველა მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა და
პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები -
განხორციელდა ბევრი რეფორმა, ბევრი პროექტი ინფრასტრუქტურული
მიმართულებით, შეიქმნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამა, იმისთვის,
რომ ხელი შეგვეწყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის;
ჯანდაცვის მიმართულებით, განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა
და ძალიან მეამაყება, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე
დაზღვეულია, პირველადი ჯანდაცვა არის უფასო და თუ ადამიანს სჭირდება
ოპერაცია, ყველაფერს თავის თავზე სახელმწიფო იღებს. რა თქმა უნდა, ეს
მხარდაჭერა და თანადგომა მომდევნო წლების განმავლობაშიც
გაგრძელდება.
ასევე, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადადგმული
ნაბიჯები, ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული სხვადასხვა
პროგრამა. ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ.
მე, როგორც ქალაქის მერმა, არ შემიძლია არ ვისაუბრო თბილისზე. არ
შემიძლია არ ვისაუბრო ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ
პროექტებზე, თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვა - მიუხედავად იმისა, რომ ბევრი
კარგი საქმე გაკეთდა, ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, მახსოვს,
ე.წ. სამხედრო დასახლება, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო -
წვიმიან ამინდში ფიზიკურად შეუძლებელი იყო დასახლებაში შესვლა. დღეს
კი ყველაფერი მთლიანად მოწესრიგებული და კეთილმოწყობილია. ქალაქში,
თბილისში ასეთი უბნები და რაიონები იყო. რამდენიმე დღის წინ
ვიმყოფებოდი კაიროს დასახლებაშიც, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
გასულ წელს, როდესაც მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა, დავპირდით, რომ
მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით, ყველაფერი მოწესრიგდებოდა და
წელს, უკვე ნოემბერში სამუშაოები მთლიანად დასრულდება და საგზაო
ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ძალიან რთულია, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ,
მაგრამ ეს იყო რეალობა. ნამდვილად მსიამოვნებს ის, რომ აქვე,
რამდენიმე მეტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ძალიან
კარგი სპორტული სივრცე მოეწყო ჩვენი შვილებისთვის, მომავალი
თაობებისთვის, რომელიც ყოველდღიურად დატვირთულია და ამ კონკრეტული
ინფრასტრუქტურით, სამგორში მცხოვრები ძალიან ბევრი ახალგაზრდა
სარგებლობს. ძალიან სასიამოვნოა ვარკეთილის დასახლების სკვერი,
რომელიც აქვე, ახლოს მოეწყო. იქაც ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე
გვაქვს, სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, დაისვენონ, განიტვირთონ
და ა.შ. ასევე, უნდა გამოვყო მოსკოვის გამზირზე არსებული გზაგამყოფი,
რომელიც ძალიან მძიმე მდგომარებაში იყო. სამუშაოები ახლაც
მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში დასრულდება.
მინდა, სტატისტიკური მონაცემები მოვიყვანო, რომელიც რა თქმა უნდა,
მიუთითებს ჩვენს დამოკიდებულებას ქალაქზე, თბილისში შემავალ
რაიონებზე. 2014 წელს სამგორის რაიონის ბიუჯეტი დაახლოებით, 15-16 მლნ
იყო. 2020 წელს კი აღნიშნული მონაცემები 27 მილიონს აღწევს. ეს არის
ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენთვის არ არსებობს მხოლოდ პრიორიტეტული
უბნები და რაიონები. ჩვენ ყველა რაიონთან დაკავშირებით, ყველა უბანზე,
ყველა ქუჩასთან მიმართებაში ერთნაირი მიდგომა გვაქვს. გვინდა, რომ
ჩვენი ქალაქი იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული, გამართული
ინფრასტრუქტურით, განახლებული სკვერებით და პარკებით. რა თქმა უნდა,
ჩვენ ამ ყველაფერს მომდევნო წლების განმავლობაში, თქვენთან ერთად,
თქვენი თანადგომით, აუცილებლად მოვახერხებთ და გავაკეთებთ.
ყველაზე მთავარი, რაც უნდა აღვნიშნო არის ის, რომ 2012 წლის შემდეგ,
ყველაზე მთავარი ღირებულება, რაც ქვეყანაში გაჩნდა, ადამიანია.
ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს იქნება ინფრასტრუქტურული
პროექტები თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები,
მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანმა ქვეყანაში კეთილდღეობა იგრძნოს.
დარწმუნებული ვარ, არჩევნებში, რომელიც სამ დღეში გაიმართება,
აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ძალა,
რომელსაც რეალურად აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა განავითაროს ქვეყანა.
ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში
შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური
განვითარება.
მინდა, წარმატებები გისურვოთ. 2012 წლიდან ძალიან ბევრი მაგალითის
მოყვანა შეგვიძლია, თუ რამხელა ძალა აქვს ერთობას, ერთად დგომას. დღეს
რომ გამოვდივართ და თავაწეული ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, იმ დიდი
გუნდის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული
საქართველო“ ჰქვია. ეს იმის დამსახურებაა, რომ ზურგს მიმაგრებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა
ივანიშვილი, ზურგს მიმაგრებს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია,
რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისში ის პროექტები,
რომელიც გვაქვს დაგეგმილი, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად
განხორციელდეს.
ქვეყნის გამარჯვება, თითოეული თქვენგანის გამარჯვებით, თითოეული
რაიონის გამარჯვებით, ჩვენი ქალაქების და სოფლების გამარჯვებით
იწყება.
დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებთ და ეს არ
იქნება მხოლოდ ჩვენი, პარტიული გამარჯვება. ეს სრულიად საქართველოს
გამარჯვება იქნება.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!
მასალის გამოყენების პირობები