არჩევნები
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოში სსპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და კენჭისყრა საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 წევრი - 120 პროპორციული, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების ჩასატარებლად გახსნილია 3657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).

არჩევნებში 50 საარჩევნო სუბიექტი (48 პარტია და 2 ბლოკი) და 30 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ.

დღესვე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. რამდენიმე საარჩევნო ოლქში, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები.

საკრებულოების შუალედური არჩევნები ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება; მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.


| Print |
FaceBook Twitter Google