არჩევნები
გურჯაანის მე-3 უბნიდან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გააძევეს
გურჯაანის N12 საარჩევნო ოლქის მე-3 უბნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ დამკვირვებელი მარიამ ქოროღლიშვილი გააძევეს. როგორც საუბნო კომისიის მდივანმა, ნათია ქიტიაშვილმა speqtri.ge-ს განუმარფტა, გაძევების მიზეზი იყო კომისიის მუშაობაში ხელის შეშლა.

თავის მხრივ, მარიამ ქოროღლიშვილმა დაწერა საჩივარი, სადაც მიუთითა, რომ კენჭისყრის დროს დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა, თუმცა, მდივანმა აღნიშნული საჩივარი იმ მოტივით არ ჩაიბარა, რომ მას უკვე ჰქონდა შედგენილი გაძევების აქტი.

მარიამ ქოროღლიშვილი აპირებს ამის თაობაზე საჩივრით საოლქო კომისიას მიმართოს.

„ძალიან ბევრჯერ იყო ფარულობის დარღვევა, მაგრამ ხმა არ ამომიღია, კაბინიდან გამოჰქონდათ გაშლილი ბიულეტენები, ყუთზე კეცავდნენ და ისე ალაგებდნენ კონვერტში, შემდეგ ბოლოს ერთ ამომრჩეველს მივეცი შენიშვნა - თუ შეიძლება, კაბინაში დაკეცეთ და ისე გამოიტანეთ ბიულეტენი, რადგან ეს არის ფარულობის დარღვევა და არ შეიძლება, რომ თქვენი ნება სხვამ დაინახოს, - ამის შემდეგ ამიჯანყდნენ, ე.წ. „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები და მაშინვე გაძევებაზე დააწერინეს განცხადება მდივანს.
მე დავწერე საჩივარი ფარულობის დარღვევაზე და სხვა პარტიის წარმომადგენლებმაც მომიწერეს ხელი, რომ ნამდვილად მოხდა ასეთი ფაქტი, თან როგორც მითხრეს, ის პიროვნება იყო საჯარო მოხელე და ეტყობა ამიტომ გამინაწყენდნენ და გამომაძევეს უბნიდან. ჩემი საჩივარი მდივანმა არ მიიღო, მიპასუხა, რომ მე დაგასწარი, თქვენზე წინ დავწერე გაძევებაზე საჩივარი და თქვენი განცხადება არ მიიღება. ეს არის უბრალოდ ძალიან დიდი ზეწოლა დამკვირვებელზე და ყაჩაღობა, მეტი არაფერი. ველოდები ჩემს წარმომადგენელს და როგორც მოვა, წავალ და დავწერ საჩივარს საოლქოში“, - უთხრა speqtri.ge-ს მარიამ ქოროღლიშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნულ უბანზე, სულ 1025 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატანი ყუთის სიაში -28, ხოლო სპეც. სიაში ამ დროისთვის 5 ამომრჩეველია შეყვანილი.
| Print |
FaceBook Twitter Google