არჩევნები
უმეტესწილად დარღვევები გამოწვეულია საუბნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაციით - ადამიანის უფლებათა ცენტრი
კახეთის მე-9 და მე-10 მაჟორიტარულ ოლქებში დარღვევები დააფიქსირეს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა.

პანკისის ხეობა. #24 უბანზე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. ერთ-ერთმა ასაკოვანმა ამომრჩეველმა ითხოვა დახმარება, თუმცა კომისიის წევრებმა დასახმარებლად კაბინაში მასთან ერთად სხვა ამომრჩეველს შესვლის უფლება არ მისცეს და მამაკაცმა გამადიდებელი ლინზის დახმარებით მისცა ხმა. ამ ფაქტმა გამოიწვია დაპირისპირება, თუმცა თავმჯდომარემ მალევე აღკვეთა ინციდენტი. 

პანკისის ხეობა. 10.18.05 საარჩევნო უბანზე მესამე რეგისტრატორმა ლია ქავთარაშვილმა დატოვა სამუშაო მაგიდა და მოვალეობა გადააბარა საციით მარგოშვილს. არც მაგიდის დატოვების დროს და არც უკან დაბრუნებისას არ გადაუთვლიათ ხელმოწერები არც ერთს. დარღვევა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

საგარეჯო. 09.11.40 საარჩევნო უბანზე ერთ ერთმა ამომრჩეველმა სურათი გადაუღო შემოხაზული ბიულეტენს და გაიქცა. გაკეთდა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა მიერ იდენტიფიცირებული დარღვევების დიდი ნაწილი მიანიშნებს, რომ უმეტესწილად ეს დარღვევები გამოწვეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის.

ასევე, შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება ზოგიერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდა შესწორება და საარჩევნო უბნის მიმდებარედ 25 მეტრის რადიუსში აიკრძალა პარტიათა კოორდინატორების ყოფნა, ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშში კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახავს საარჩევნო უბნების მიმდებარედ, როგორც ამ 25-მეტრიან რადიუსში, ისე მის გარეთ, საარჩევნო უბნის სიახლოვეს, საარჩევნო სუბიექტების, განსაკუთრებული ოდენობით კი - მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზებას. ისინი აღწერენ მოსულ ამომრჩევლებს, ნიშნავენ თავიანთ სიებში, ესაუბრებიან და ზოგჯერ ამ საუბარს აგიტაციის ფორმა აქვს. მსგავსი ფაქტები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას.“ - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.






| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2020 /