არჩევნები
საარჩევნო ადმინისტრაციამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გასწიოს, რათა საჩივრები სწრაფად და გამჭვირვალედ განიხილონ - NDI-ს რეკომენდაციები
საჩივრების, სწრაფად განხილვა, საუბნო კომისიის წარმომადგენლებისა და დამკვირვებლებისთვის, დამატებითი ტრენინგების ჩატარება, მოსყიდვისა და დაშინების სავარაუდო შემთხვევების გამოძიება, - ეს იმ რეკომენდაციების ნაწილია, რომელსაც ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოს მთავრობას არჩევნების მეორე ტურის წინ აძლევს.

რეკომენდაციები:

საარჩევნო ადმინისტრაციამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გასწიოს, რათა შეტანილი საჩივრები სწრაფად, გამჭვირვალედ და სწორად განიხილონ, საჭიროების შემთხვევაში კი კონკრეტულ უბნებზე ხმების გადათვლა ან განმეორებით კენჭისყრა ჩატარდეს.

● პარტიები და კანდიდატები მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, რომ საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ან ზეწოლასა და დაშინებებზე საჩივრებს სათანადო მტკიცებულებები დაურთონ და საჩივრების დასაკმაყოფილებლად არსებულ პროცედურებს მისდიონ.

● კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება საჩივრების მიმდინარე პროცესსა და მეორე ტურზე დაკვირვება. ყველა ჩართულმა მხარემ პატივი უნდა სცეს და დაიცვას მიუკერძოებელი დამოუკიდებელი დამკვირვებლების უფლებები, რათა დამკვირვებლებმა საკუთარი საქმიანობა ჩარევისა და დაშინების გარეშე განაგრძონ.

● ცესკომ საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებისთვის დამკვირვებელთა უფლებების შესახებ დამატებითი ტრენინგები უნდა ჩაატაროს და კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი ყველა დადგენილი პროცედურის მკაცრად და თანმიმდევრულად შესრულების აუცილებლობას; მათ შორის, იმ პროცედურების, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის პასუხისმგებლობების განაწილებას, ხმის მიცემის ფარულობას, მარკირებას და შედეგების ოქმებს
უკავშირდება.

● ხელისუფლებამ ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ამომრჩევლის დაშინების სავარაუდო შემთხვევებზე სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება უნდა ჩაატაროს და მომავალში ასეთი პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომა მიიღოს.

● მონაწილე მხარეებმა ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შუწყონ მშვიდობიან გარემოს. მათ არჩევნებთან დაკავშირებული სავარაუდო დარღვევების გამოსაძიებლად დადგენილი პროტოკოლები უნდა დაიცვან.

● საარჩევნო ადმინისტრაციამ, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიასთან თანამშრომლობის გზით, ამომრჩეველთა ფართო საგანმანათლებლო კამპანია უნდა აწარმოოს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ხმის მიცემის ფარულობის უფლებაზე, როგორც არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპზე.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევების შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) წინაწარანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ შედეგების ოქმებში ხარვეზებმა, საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ შესაძლო დაშინების თაობაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მუდმივმა განცდამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკანონმდებლო ბაზის და ადმინისტრაციული პროცედურების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გადაფარა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები NDI / არჩევნები 2020 /