თელავის ოლქში ამომრჩევლის აღრიცხვა ხდება - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
N17 თელავის საარჩევნო ოლქის ბევრ უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი
მოსული ამომრჩევლის ვინაობას ხმამაღლა აცხადებდა, რასაც უბანზე მყოფი
სხვადასხვა უფლებამოსილი პირი ინიშნავდა და აგზავნიდა, - ამის შესახებ
აღნიშნულია ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“
განცხადებაში.
„#79 ბათუმის, #17 თელავის და #20 რუსთავის საარჩევნო ოლქების ბევრ
უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მოსული ამომრჩევლის ვინაობას ხმამაღლა
აცხადებდა, რასაც უბანზე მყოფი სხვადასხვა უფლებამოსილი პირი
ინიშნავდა და აგზავნიდა.
გარდა ამისა, #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #66 უბანზე ამომრჩეველთა
რეგისტრატორები მოსული ამომრჩევლის რიგით ნომრებს ცალკე ინიშნავდნენ.
მათი თქმით, ამას ისინი კომისიის თავმჯდომარის დავალებით აკეთებდნენ.
ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ რეგისტრატორებმა შეწყვიტეს ეს
ქმედება.
მოსული ამომრჩევლის უბნის შიგნით აღრიცხვა 2017 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების დროს მნიშვნელოვან პრობლემას
წარმოადგენდა, ვინაიდან ასეთი ქმედება ამომრჩევლის ნების კონტროლად
არის აღქმული და უარყოფითად იყო შეფასებული ადგილობრივი და
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ,“ - ვკითხულობთ
განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის
არჩევნების მეორე ტური ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ
უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც მათი სტატიკური დამკვირვებლები
იმყოფებიან, დროულად გაიხსნა.
თუმცა, მათ მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული
დარღვევა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დამკვირვებლებმა
8 საჩივარი დაწერეს.
მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:
კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა, საარჩევნო უბანზე
მოსული ამომრჩევლის აღნუსხვა, დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის
შეშლა, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მარკირების გარეშე შეშვება,
ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია სადამკვირვებლო ორგანიზაციების
დამკვირვებლების მიერ ჩადენილი დარღვევები.
„#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის უბნებზე ტენდენციის სახე ჰქონდა
სადამკვირვებლო ორგანიზაციების „კავშირი მწვანე დედამიწის” და
„საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს“ რამდენიმე
დამკვირვებლის ერთსა და იმავე უბანზე ერთდროულად ყოფნას, რაც კანონით
არ არის დაშვებული. ჩვენი დამკვირვებლების მითითების შემდეგ, კომისიის
თავმჯდომარე ზედმეტ დამკვირვებელს უბნიდან უშვებდა.
#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #2 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის
„ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი დიდი ხნის
განმავლობაში ნაკადის მომწესრიგებლის გვერდით იდგა, ყველა ამომრჩეველს
ეკითხებოდა სახელს და გვარს და ინიშნავდა მათ ვინაობას,“ - აღნიშნულია
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები