არჩევნები
შუალედური არჩევნებისთვის გურჯაანში სააგიტაციო მასალის გასაკრავი ადგილები განისაზღვრა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკისა და ვეჯინის მოსახლეობა 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. დღეიდან საარჩევნო კამპანიაც დაიწყო. სააგიტაციო მასალის გასაკრავი ადგილები დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განისაზღვრა.
საკითხი ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვის განყოფილების სპეციალისტმა მაია გაბიტაშვილმა წარადგინა.

„მოცემული განკარგულებით, სააგიტაციო მასალების გაკვრა შეიძლება შემდეგ ადგილებში:კულტურის სახლების ფასადები და მათი კაპიტალური მესერი, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძვნებული სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებების კაპიტალური მესერი, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კაპიტალური მესერი გარდა მათი ადმინისტრაციული შენობებისა. აგრეთვე მათ მიერ დაფუძვნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები და მათი კაპიტალური მესერი. სახელმწიფო ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე არსებულ განათების ბოძებზე ან სხვა ბოძებზე სამი მეტრის სიმაღლეზე დაშვებით, მაგრამ ბოძზე დამონტაჟებულ სადენებთან და სხვა ელექტრომოწყობილობებთან არაუმეტეს 1 მეტრი სიახლოვისა. ამ განკარგულების განსაზღვრული ადგილების გარდა, სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემდეგ,“-განაცხადა მაია გაბიტაშვილმა.

საკრებულოს წევრებმა საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

უკვე განსაზღვრულია ის შენობები, სადაც საარჩევნო უბნები განთავსდება. ესენია: საბანკეტე დარბაზში ძირკოკში და #3 ქუჩაზე მდებარე საჯარო სკოლა ვეჯინში.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილ დეპუტატს, არჩილ ხანდამაშვილს უფლებამოსილება შეუჩერეს.


| Print |
FaceBook Twitter Google