ეკონომიკა
ტენდერი მონაწილეების გარეშე და დაბინძურებული ქალაქი
მარინა პეტრიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ნაგვის ურნების შესაძენად 10 ათასი ლარია გათვალისწინებული. ტენდერი ამ თანხაზე უკვე სამჯერ გამოცხადდა, თუმცა, მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს. ამის გამო, ქალაქის ზოგიერთ უბანში არც ნაგვის ურნები დგას და არც მანქანა დადის. შეწუხებული მოსახლეობა კი იძულებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენები ხევში ჩაყაროს.   მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ გურჯაანის კეთილმოწყობასა და გალამაზებაზე ბოლო დროს აქტიურად მიდის მუშაობა, ნაგავსაყრელების პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. ჯერ კიდევ მრავლადაა ისეთი ქუჩები, სადაც არც ურნა დგას და არც ნაგვის მანქანა დადის, რის გამოც მოსახლეობა ნაგავს ხევში ან ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრის. დაბინძურებულია როგორც გარეუბნები, ასევე ცენტრალური ქუჩები. `სპექტრი~ ამ საკითხზე არაერთხელ წერდა (2010 წლის 12-19 ოქტომბრის #26(292), თუმცა, ვითარება კვლავაც არ შეცვლილა. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ირაკლი მინდიაშვილი `სპექტრთან~ საუბარში ამბობდა, არსებობს პროექტი, რომელიც ურნების შეძენას ითვალისწინებს. ამასვე ადასტურებდა პრეზიდენტის რწმუნებულის კახეთის მხარეში – გუბერნატორის მოადგილე გიორგი სიბაშვილი და განმარტავდა, რომ 2010-2011 წლებში ყველა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად იგეგმება ურნებისა და სპეცტექნიკის საჭირო რაოდენობის შეძენა, თუმცა, ეს პროცესი დღემდე არ განხორციელებულა. `უკვე წლებია ჩვენს ქუჩაზე არც ურნა დგას და არც მანქანა დადის. ყველას არა აქვს ტრანსპორტი, რომ ნარჩენები ნაგავსაყრელზე წაიღოს. ამიტომ იძულებულები ვართ, საყოფაცხოვრებო ნარჩენები ხევში გადავყაროთ. ხან გამგეობიდან ჩამოივლის ვიღაც, ხან კომუნალური სამსახურიდან და გვეუბნება, რომ მიმდებარე ტერიტორია ნაგვისგან გავათავისუფლოთ, თორემ დაგვაჯარიმებენ. არ ვიცით როგორ მოვიქცეთ. ხომ შეიძლება ჩვენც მოგვაქციონ ყურადღება, ურნები დადგან და მისი გატანა ნაგვის მანქანამ უზრუნველყოს. იქნებ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრან?~ _ ამბობენ ქოროღლიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები. მოსახლეობა კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს. ვერც ერთი მათგანი ვერ ასახელებს გურჯაანში სად მდებარეობს კანონიერი ნაგავსაყრელი, სადაც ნარჩენების დაყრა ნებადართულია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ივლისის თვეში `სპექტრთან~ საუბარში აღნიშნა, რომ თვის ბოლოს ურნები უნდა დაედგათ ცენტრალურ და საუბნო ქუჩებზეც, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. გურჯაანის მუნიციციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანშვილმა ხელშემშლელ პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ურნების შესაძენად დიდი ხანია, რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა გამოყოფილია, ტენდერიც რამდენჯერმე გამოცხადდა, თუმცა არავინ გამოხმაურებია. `ბიუჯეტში ამისათვის 10 ათასი ლარია გათვალისწინებული. ტენდერი უკვე მესამედ გამოცხადდა, რომელსაც სამწუხაროდ არავინ გამოხმაურებია. ურნების დადგმა მთელი ქალაქის მასშტაბით, ჯერჯერობით მაინც არ ხერხდება. ამ ეტაპზე მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოხდება პატარა ურნების მონტაჟი, შემდგომ კი სხვა უბნებსაც მოვიცავთ,~ _ გვითხრა ზაქარია იაგანაშვილმა. იმის გასარკვევად, თუ რატომ არიდებენ თავს კომპეტენტური პირები თუ კომპანიები ტენდერში მონაწილეობას, `სპექტრი~ ექსპერტ ანალიტიკოსს მიხეილ ძაგანიას დაუკავშირდა. `ჩემი აზრით, რეგიონებში გამოცხადებულ ტენდერში იმიტომ არავინ მონაწილეობს, რომ ელექტრონულ სისტემებთან ყველას არ მიუწვდება ხელი. შეიძლება პრობლემა ისიც იყოს, რომ კომპანიას ან კერძო პირს დაბალი თანხის გამო არ უღირდეს მასში მონაწილეობის მიღება,~ _ გვითხრა ექსპერტანალიტიკოსმა მიხეილ ძაგანიამ. როგორც ზაქარია იაგანაშვილმა განმარტა, ნაგვის ურნების შეძენასთან დაკავშირებით ტენდერი მოკლე დროში კვლავ გამოცხადდება. თუმცა, რა ამჯერად მაინც თუ გამოჩნდება მონაწილეობის მსურველი, ჯერჯერობით უცნობია. აქვე შეგახსენებთ, რომ გართულებული პოროცედურების გამო 2011 წელს გურჯაანში დაგეგმილი 2 კულტურული ღონისძიება ჩავარდა (სარვამარტო და სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი საღამო (`სპექტრი~ ამის შესახებ წერდა). ასევე არ ჰყოლია მონაწილე გასულ წელს ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების თაობაზე გამოცხადებულ ტენდერს.  
| Print |
FaceBook Twitter Google