პოლიტიკა
თელავის საკრებულოს თანამშრომელმა "ნაციონალების" მანქანას ცოცხი გაუკეთა [Video]

თვითმმართველი თემი თელავის საკრებულოს სპეციალისტი საზოგადოებასთან, მასმედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ლევან კოჭლოშვილი, "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ მიაქვს ცოცხი "ნაციონალური მოძრაობის" მანქანასთან, რომელზეც მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ბავშვებთან ერთად გადაღებული ფოტოა.

მან ეს ვიდეო სამუშაო საათებში, დღეს, დაახლოებით 12:30- ზე ატვირთა.

-"ნერვების აშლა დამეწყო დილიდან. გუბერნიის წინ ამ ლამაზ ქალაქში დავინახე "ნაციონალური მოძრაობის" მანქანა, მოვუტანე პოლიტიკური ცოცხი და საბარგულში უნდა გავუკეთო. რეალურად ვიცი, რისი ღირსებიც არიან, მაგრამ დღეს ამით დაკმაყოფილდებიან"- ამბობს ის.

ვიდეოს 90-მდე მოწონება აქვს, მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ალექსანდრე ყვირალაშვილის. ვიდეოს იწონებენ საჯარო სამსახურში დასაქმებული სხვა პირებიც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს კახეთის რეგიონალური კოორდინატორის ზურა მირზიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ქმედებით ლევან კოჭლოშვილმა საარჩევნო კოდექსი დააღვია.

-„კოდექსი უკრძალავს საჯარო მოხელეებს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას პირადაპირ ან ირიბად სამუშაო საათების განმავლობაში და როდესაც ისინი ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ეს არის პირდაპირ კოდექსის დარღვევა. როდესაც ამ ვიდეოს იწონებენ საჯარო მოხელეები, ეს ადამიანები აფიქსირებენ აღნიშული ფაქტისადმი თავის დამოკიდებულებას."

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45 მუხლის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:
ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;
ბ) მოსამართლისა;
გ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა;
დ) გენერალური აუდიტორისა;
ე) საქართველოს სახალხო დამცველისა;
ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა;
ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა;
თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;
ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.

ამავე კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.


| Print |
FaceBook Twitter Google