პოლიტიკა
"კისისხევის ადმინისტრაციული ერთეული" ირაკლი სესიაშვილის აგიტაციას ეწევა
“ფეისბუქის" გვერდზე- "კისისხევის ადმინისტრაციული ერთეული", სამუშაო საათებში, თელავი-ყვარლის გაერთიანებული ოლქის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი სესიაშვილის ამომრჩეველთან შეხვედრების ამსახველი ფოტო და ტექსტური მასალა ვრცელდება.

როგორც speqtri.ge-ს გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ხათუნა ზაალიშვილმა განუცხადა, გვერდი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწეს ხათუნა გუსარიშვილს ეკუთვნის.

-„ხათუნა გუსარიშვილმა თვითონ გააკეთა ეს გვერდი, წვდომაც მას აქვს. ახლა თელავის გამგებლის თანაშემწეა, მანამდე სოფელში გამგებლის წარმომადგენელი იყო. ამ გვერდზე თვითონ დებს ხოლმე ინფორმაციებს თავისი სურვილით.“

ჩვენ თავად გამგებლის თანაშემწეს დავუკავშირდით, რომელმაც თავდაპირველად დაადასტურა, რომ ფეისბუქის ამ გვერდით მათი ადმინისტრაცია სარგებლობს და გვერდზე სხვადასხვა ინფორმაციას ათავსებს. მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ფეისბუქის გვერდზე, სამუშაო საათებში, ირაკლი სესიაშვილის აგიტაცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს, უარყო, რომ ამ გვერდს მისი თანამშრომლები იყენებენ.

-„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გვერდი, პაროლი იცის რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც საჯარო სამსახურში არ მუშაობენ. განსაკუთრებით ისინი, ვინც მოცლილია. რამდენიმემ იცის პაროლი. ერთ-ერთმა სტუდენტმა შექმნა, მე არ შემიქმნია, შედის და აზიარებს მასალებს, აპოლიტიკური ადამიანია. თავიდან რა გითხარით რას ჰქვია, ბოლოში რაც გითხარით ეგაა მნიშვნელოვანი. ახლა დაიდო ინფორმაცია რთველი დაიწყოო და ეგეც პოლიტიკური ხომ არ არის, რა არ მოგწონთ ამაში. აჟიტირებულები რატომ ხართ არ ვიცი, ისეთ ჩამჭრელ კითხვებს მისვამთ.“

მან გვერდის ადმინისტრატორის სახელი და გვარი არ გვითხრა და აღნიშნა, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. საუბრის დასრულება არ გვაცალა და ტელეფონი გაგვითიშა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს კახეთის რეგიონალური კოორდინატორის ზურა მირზიკაშვილის თქმით, თუკი ამ საიტის ადმინისტრირება, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანის მიერ ხდება, ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

„საარჩევნო კოდექსი უკრძალავს საჯარო მოხელეს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას პირადაპირ ან ირიბად სამუშაო საათების განმავლობაში. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გვერდი ასახავს სოფელში მიმდინარე მოვლენებს პროცესებსა და პროექტებს, გვერდი გამოხატავს ადმინისტრაციის პოზიციას და ამ დროს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის სააგიტაციო მასალა იდება. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც 2000 ლარიანი ჯარიმით ისჯება.“

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45 მუხლის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:
ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;
ბ) მოსამართლისა;
გ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა;
დ) გენერალური აუდიტორისა;
ე) საქართველოს სახალხო დამცველისა;
ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა;
ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა;
თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;
ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.

| Print |
FaceBook Twitter Google