პოლიტიკა
"ეს იქნება პარტია, რომელიც "ნაციონალების" ბოგინს დაასრულებს"-ლევან კოჭლოშვილი კენჭს იყრის
თვითმმართველი თემი თელავის საკრებულოს სპეციალისტი საზოგადოებასთან, მასმედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ლევან კოჭლოშვილი თელავი-ყვარლის გაერთიანებულ ოლქში კენჭს იყრის.
თუმცა რომელი პოლიტიკური პარტიიდან, ჯერჯერობით არ ამხელს და ამბობს, რომ ეს მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

„თელავსა და ყვარელს კარგად ვიცნობ, ბოლო ექვსი წელი კახეთში გავატარე. გარდა ამისა, პოლიტიკური დღის წესრიგი თელავში, ჩემთვის კარგად ნაცნობია. ყველაზე მთავარი, რატომაც მინდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ის არის, რომ სამწუხაროდ, ისევ მაქვს განცდა- ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ყვარელსა და თელავშიც, სამართლიანობა ვერ აღდგა, ისევ მიდის ბოგინი „ნაციონალური მოძრაობის“. ამას შორიდან უყურებს საზოგადოება, რომლის მთავარი დაკვეთა 2012 წელს სამართლიანობის აღდგენა იყო."

ჩვენი ინფორმაციით, მას დეპუტატობის კანდიდატად „პატრიოტთა ალიანსი“ წარადგენს, თუმცა ამ ფაქტს ლევან კოჭლოშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს.

"საიდან ვიყრი კენჭს, არ ვაპირებ წინასწარ დავასახელო.  ვიტყვი იმას, რომ ეს იქნება რადიკალურად განსხვავებული პარტია და ის ძალა, რომელიც „ნაციონალების“ ბოგინს დაასრულებს. მათ სასამართლოს გზით მიუჩენს თავიანთ ადგილებს. ვინც დასაჭერია, ყველა დაჭერილი იქნება, ბიზნესმენების ქონებრივი უფლებები აღდგება და მორალურად შეურაცხყოფილი ადამიანების რესოციალიზაცია მოხდება.“

რამდენიმე დღის წინ, ლევან კოჭლოშვილმა, "ფეისბუქის" პირად გვერდზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მიაქვს ცოცხი "ნაციონალური მოძრაობის" მანქანასთან, რომელზეც მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ბავშვებთან ერთად გადაღებული ფოტოა.

| Print |
FaceBook Twitter Google