ვიდეო
დამატებითი ღონისძიებები ტრენინგის პარალელურად [Photo-Video]
ტრენინგების ციკლის დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ ჟურნალისტთა ასოციაცია-საზოგადოებრივი განვითარების კავშირ „მეცენატის“ მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში უკვე გადამზადდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის 68 წარმომადგენელი.
ტრენერის რევაზ ეგაძის თქმით, სემინარების კურსი, მონაწილეების უნარ-ჩვევების ამაღლებასა და საარჩევნო პროცესში მათ ჩართულობას მკვეთრად შეუწყობს ხელს.

„პროცესი იქნება ბევრად უფრო გამართული და მაღალეფექტიანი, შესაბამისად, შედეგები - მშვიდობიანი, რასაც ყველა ვესწრაფით ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. გარდა უნარებისა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა თემატურ, მათ შორის, კონკრეტულად კენჭისყრის დღესთან დაკავშირებულ საკითხებზე. ტრენინგების კურსი საკმაოდ დატვირთულია საქმიანი სავარჯიშოებით.“

სემინარის მონაწილეების აზრით, აქ მიღებული ცოდნა მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის ობიექტურად ჩატარებისთვის და ყველა იმ ნორმის დასაცავად, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს.

„სასწავლო კურსი ძალიან საინტერესო და მრავლის მომცველი იყო ინფორმაციული თვალსაზრისით. ღრმად განვიხილეთ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები. ყველაზე საინტერესო იყო თემა, რომელიც უკავშირდება კონფლიქტების მოგვარებას. ჩემი სურვილი იქნება, თუ ამ კურსს გაივლის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა.“ -აღნიშნა პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა მანანა ბარიხაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მაკა ბენაშვილის განმარტებით, მან და მისმა მეგობრებმა ხუთი დღის განმავლობაში პროფესიონალი ტრენერების პირადი გამოცდილებიდან საკმაო ცოდნა მიიღეს. მისივე თქმით, პროექტი გამიზნულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თავიანთი კვალიფიციის ამაღლება სურთ.

საგულისხმო იყო ის გარემოება, რომ 5 დღის განმავლობაში ჯგუფს ჩაუტარდა არამარტო გეგმით გათვალისწინებული ტრენინგები, არამედ, მათთვის მოეწყო დამატებით, გასვლითი ღონისძიება, რომელიც პროექტის ფარგლებში არ იყო განსაზღვრული. კერძოდ, ტრენერ, მამუკა კორაშვილის ინიციატივით, ჯგუფმა დაათვალიერა N13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის როგორც ძველი, ისე ახალი შენობა, გაეცნო მის ისტორიას და მუშაობის სპეციფიკას.

ტრენინგის ორგანიზატორების ინიციატივით, მონაწილეებისთვის დაიგეგმა ასევე კულტურული ღონიძიება. ისინი ეწვივნენ სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სადაც დაათვალიერეს როგორც ისტორიული ნიმუშები, ასევე ნიკო ფიროსმანის ნახატების გალერეა.
პარტიის წარმომადგენლების თქმით, სემინარზე მიღებული გამოცდილება საკმარისია იმისთვის, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკუთარი თავი კვალიფიციურად წარმოაჩინონ. მათ მადლობა გადაუხადეს პროექტის ფინანსურ მხარდამჭერს - ცესკო-ს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს, ასევე ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატს“ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. იმედი გამოთქვეს, რომ მათი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google