არჩევნები 2017
სემინარები შშმ პირების ჩართულობით [Photo-Video]
დასრულდა ტრენინგების კურსი, რომელსაც ჟურნალისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“, ცესკო-ს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან ერთად ახორციელებდა.
მეხუთე ჯგუფში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან 26 მონაწილე იყო ჩართული. დაგეგმილი აქტივობების გარდა, ორგანიზაციამ მონაწილეებისთვის მოაწყო უფასო ექსკურსია სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

პროექტის ხელმძღვანელის „მეცენატის“ დირექტორის მაია ყალაბეგაშვილის თქმით, მეხუთე ჯგუფი გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში ჩართული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ორი მონაწილე.

„ტრენინგები გეგმის მიხედვით ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მესამე დღეს ჯგუფმა ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივითა და სიღნაღის ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, უფასოდ მოინახულა იქ დაცული ექსპონატები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაათვალიერა ნიკო ფიროსმანის ორიგინალური ნამუშევრების გალერეა. ზოგადად, მეხუთე ჯგუფი იყო გამორჩეული დანარჩენებისგან იმ თვალსაზრისით, რომ პარტია „საქართველომ“ წარმოადგინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (სმენადაქვეითებული) ორი პიროვნება. ცესკო-ს საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დროული გადაწყვეტილებით ტრენინგის მიმდინარეობას ხუთი დღის განმავლობაში თარგმნიდა ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმანი. ორივე პიროვნება აქტიურად იყო ჩართული თეორიულ თუ პრაქტიკულ სავარჯიშოებში, ჰქონდათ შესაძლებლობა თვითონვე გაეკეთებინათ პრეზენტაციები. ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და გამოხატეს კიდეც თავიანთი დადებითი შეხედულებები ტრენინგის მიმდინარეობის შესახებ.“

როგორც პარტია „საქართველოს“ წარმომადგენელმა თეიმურაზ ღონღაძემ აღნიშნა, სემინარში პირველად იღებს მონაწილეობას და მოხარულია, რომ ეს შესაძლებლობა მიეცა.

„ასეთი რამე ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა, პირველად ვარ ტრენინგზე. ამ ხუთი დღის მანძილზე საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. ყველანაირად კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ტრენერებს.“

ტრენინგის ერთ-ერთი მოდული არჩევნებში მედიის როლს ეხებოდა. სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლმა ნიკა პეტრიაშვილმა.

„მინდა კონკრეტულად გამოვყო ის სემინარები, რომლებიც ეხებოდა მედიის როლს და მნიშვნელობას საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისათვის. ეს არის ნამდვილად უმნიშვნელოვანესი საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მედიასთან ურთიერთობა და საინფორმაციო საშუალებები გახლავთ ის უმთავრესი და ძირითადი მიმართულება, რის მიხედვითაც ამომრჩეველი იგებს ამა თუ იმ პარტიის პროგრამებსა და შეხედულებებს კონკრეტულ საკითხებზე. ძალიან მნიშნელოვანია პარტიებმა კარგად გაითავისონ ის თავისებურებები, რაც ახლავს მედიასთან ურთიერთობას და ისე დაგეგმონ საკუთარი პიარკამპანიები. მინდა მადლობა გადავუხადო ტრენინგის ორგანიზატორებს. მსგავსი სახის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.“

პარტია „ახალი საქართველოს“ წარმომადგენლის ლაშა ადიკაშვილის თქმით, ტრენინგმა მისი მოლოდინები სრულად გაამართლა.

„ეს ხუთი დღე ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის. ნამდვილად გამიმართლდა ის მოლოდინები, რისთვისაც აქ ჩამოვედი. მინდოდა ცოდნა გამეღრმავებინა და ახალი ინფორმაციაც მიმეღო. მჯერა და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მომავალში გამომადგება, როგორც მე ისე ჩემს კოლეგებს.“

შეგახსენებთ, რომ პროექტში ჩართული იყო 24 პარტიის 120 წარმომადგენელი, რომლებიც ხუთ ჯგუფად იყვნენ გადანაწილებული და მათ ტრენინგ-სემინარებს კვალიფიციური ტრენერები უტარებდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google