არჩევნები 2017
ენმ- ჩალაუბნის დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ღვინიაშვილი და სკოლის დირექტორი დაემუქრნენ
გურჯაანში "ნაციონალური მოძრაობა“ სოფელ ჩალაუბნის დეპუტატობის კანდიდატ მაკა ფრიდონაშვილის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ თანაგუნდელს გიორგი ღვინიაშვილი და სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლამზირა ყორჩიშვილი კანდიდატურის მოხსნას აიძულებენ.
აღნიშნულ საკითხზე speqtri.ge-ს „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილი ესაუბრა.

-„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოფელ ჩალაუბანში კანდიდატად დაგვეყენებინა დიდი ხნის მეგობარი და თანამებრძოლი მაკა ფრიდონაშვილი, რომელიც 2003 წლიდან პარტიის რიგებშია. ამან „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ღვინიაშვილის უკმაყოფილება გამოწივია. მან დაურეკა ჩვენს კანდიდატს და გარკვეული დროის განმავლობაში ცდილობდა გადაწყვეტილება შეეცვლევინებინა. სატელეფონო ზარს ხსნიდა იმით, რომ მაკა ფრიდონაშვილმა პირადად მას უღალატა და ზურგში დანა ჩაარტყა. ჩვენმა კანდიდატმა უპასუხა, რომ შეხედულების შეცვლას არ აპირებდა. ღვინიაშვილმა კი უთრა „შენ არ გაქვს ნაფიქრი, რომ ამ გადაწყვეტილებამ და ოპოზციურ სპექტრში ყოფნამ შეიძლება დედაშენის სკოლიდან გაშვება გამოწივიოს“ (მაკა ფრიდონაშვილის დედა აიდა ფრიდონაშვილი სოფელ ჩალაუბანში რუსული ენის პედაგოგია). ამ საუბრის დასრულებიდან, 5-10 წუთში, მაკას დაურეკა ჩალაუბნის სკოლის დირექტორმა და საკუთარი კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ დედამისს სამსახურიდან გააგდებდა. ვფიქრობთ, რომ ამ ორი ადამიანის ზარები დამთხვევა არ ყოფილა, უბრალოდ „ევროპული საქართველო“ და მათი ლიდერი ორკესტრირებულად მოქმედებს ხელისუფლებასთან ერთად. ღვინიაშვილი ფიქრობს, რომ ჩალაუბანში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის არსებობა საფრთხეს შეუქმნის „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს.“

გიორგი ღვინიაშვილი speqtri.ge-სთან ადასტურებს, რომ მაკა ფრიდონაშვილსა და მას შორის სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა, თუმცა ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

„მაკა ფრიდონაშვილი ჩემი გუნდის წევრი იყო, ჩვენს შორის რეალურად გუშინ შედგა სატელეფონო საუბარი, უბრალოდ მე მისი პოზიციები გავარკვიე. ჯერ ვკითხე, რატომ აპირებდა ამას, რატომ გააკეთა ეს, რადგან წლების განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა. ის, რომ მე რაიმე ზეწოლა მოვახდინე და კანდიდატურის მოხსნა მოვთხოვე, აბსურდი და ბუწაშვილის მხრიდან ცილისწამებაა.“

აღნიშნულ საკითხზე ჩალაუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ლამზირა ყორჩიშვილსაც დავუკავშირდით,.-„მე არავითარი მუქარა არ განმიხორციელებია, პედსაბჭო გვაქვს და არ მცალია“- გვითხრა მან და ტელეფონი გათიშა.
„ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მაკა ფრიდოაშვილი აღნიშნული ზეწოლის გამო, საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლასა და კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.
| Print |
FaceBook Twitter Google