ჩემი არჩევანი
რატომაა აუცილებელი ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით
საქართველოში პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები 1919 წლიდან იღებს სათავეს. 14-16 თებერვალს მოსახლეობამ საქართველოს დამფუძნებელი კრება აირჩია, რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლები უნდა განესაზღვრა, ასევე, შეემუშავებინა კონსტიტუცია.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მონაცემებით, საქართველოს ახალი რესპუბლიკის არჩევნების ისტორია 1990 წელს დაიწყო. ამ დროს საქართველო ჯერ კიდევ არ იყო აღიარებული, როგორც სუვერენული სახელმწიფო.

1990 წლიდან დღემდე სულ 28 არჩევნები გაიმართა: 6 საპრეზიდენტო, 9 საპარლამენტო, 9 აჭარის უმაღლესი საბჭოსა და 5 ადგილობრივი თვითმმართველობის. აგრეთვე ჩატარდა 2 რეფერენდუმი და 1 პლებისციტი.
იმავე, 1990 წლიდან დღემდე ხელისუფლება სულ სამჯერ შეიცვალა: ერთხელ სამოქალაქო ომის (ზვიად გამსახურდიას პერიოდი), ერთხელ ვარდების რევოლუციის (2003 წელი) და ერთხელ არჩევნების, ანუ დემოკრატიის გზით (2012 წლის საპარლამენტო არჩევნები).

რატომაა აუცილებელი ხელისუფლების ცვლილება არჩევნების მეშვეობით და არა ქუჩაში გამოსვლებით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო და თვითმმართველობის პროექტების კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი გვესაუბრება.
- „დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებიდან და იმ კონსტიტუციური რეჟიმიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით მოხდეს. ამომრჩეველმა სწორედ, ამ დროს უნდა დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატის მიმართ, შემდეგ კი ქვეყნის მმართთველობა კონსტიტუციურ რეჟიმში წარიმართოს. საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დემოკრატიის გამოხატულების რამდენიმე ფორმიდან ერთ-ერთი სწორედ ისაა, რომ არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ერთიანობაში თუ შევაფასებთ, რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებს დემოკრატიულ ქვეყნებში, სწორედაც რომ ესაა გადამწყვეტი. ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი უნდა გააკეთოს, უნდა მივიდეს საარჩევნო უბანზე და თავისი ნება-სურვილის მიხედვით, პრინციპებთან და ღირებულებებთან შესაბამისად, დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი.“

ირმა პავლიაშვილის თქმითვე, თუკი ხელისუფლების ცვლილება არა არჩევნების, არამედ ძალადობრივი ქმედებით მოხდება, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიულ ღირებულებებს.

„ნების გამოხატვა, ეს იქნება მანიფესტაცია თუ სხვა რამ, უნდა მოხდეს მშვიდობიანი ფორმით, უნდა განხორციელდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში და არ გადაიზარდოს ძალადობრივ ქმედებაში, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას. როდესაც არჩევნების გზით ხდება ხელისუფლების ცვლილება, საზოგადოებამ უნდა დააფიქსიროს თავისი ნება. გარკვეული წლებია, საარჩევნო პროცესების დროს, ამომრჩეველთა აქტივობა იკლებს. შეიძლება, ეს რიგი პრობლემებით იყოს გამოწვეული, რადგანაც საქართველო განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაა, ამიტომ კიდევ დიდი გზა უნდა განვლოს იმისთვის, რომ შენარჩუნდეს საბოლოო ღირებულებები, რომლებიც გაცხადებული გვაქვს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ცვლილებები უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით.“
როგორც ირმა პავლიაშვილი აღნიშნავს, ნებისმიერმა ამომრჩეველმა უნდა გაითავისოს, რომ მისი ხმა გადამწყვეტია. თუკი მოქალაქეს სურს, გარკვეული ცვლილებები ქვეყანაში, უნდა მივიდეს არჩევნებზე და თავისი პოზიცია იქ დააფიქსიროს.

| Print |
FaceBook Twitter Google