არჩევნები 2017
"სამართლიანი არჩევნები" ყვარლის რესურსცენტრის ხელმძღვანელს უკანონო აგიტაციაში ადანაშაულებს
"სამართლიანმა არჩევნებმა" ყვარელსა და ბათუმში წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევასა და ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტებზე,  ცესკოს ორი განცხადებით მიმართა.
"პირველ შემთხვევაში საქმე ეხება ყვარლის საგანმანათლებლო რესუსრსცენტრის ხელმძღვანელის, ქეთევან ჭიპაშვილის ფეისბუქ პოსტს, რომელიც მან სამუშაო საათებში გამოაქვეყნა. ის ქართული ოცნების ყვარლის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატს ღიად უჭერს მხარს. ფეისბუქ პოსტში როსტომ სესიაშვილის ფოტოსურათია მიბმული, ასევე მისი ბიოგრაფია და კანდიდატის მხარდამჭერი მოწოდებები."- ვკითხულობთ განცხადებაში.

ფეისბუქზე გამოქვეყნებული ტექსტი ასეთია:

"ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო  რესურსცენტრი და ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები, ენერგიულს და სიცოცხლით სავსეს, განათლებულს და მოტივირებულს,კეთილშობილ ქრისტიანს და საუკეთესო ახალგაზრდას, როსტომ სესიაშვილს ვუსურვებთ წარმატებას, გამარჯვებას, წინსვლას და დიდი და სასიკეთო საქმეების კეთებას ჩვენი ყვარლისა და საქართველოს სადიდებლად."

მეორე განცხადება კი,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეხება, რომელმაც ოფიციალური ფეისბუქ გვერდი  წინაასარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა.

-"კერძოდ, სამინისტრომ 12 სექტემბერს, გამოაქვეყნა პარტია ქართული ოცნების აჭარის ა/რ მერობის კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტოები. ფოტოებში გამოყენებულია პარტიის დროშა და ლოგო. გარდა ამისა, სამინისტროს გვერდმა გაავრცელა ამავე ღონისძიების წინასაარჩევნო კამპანიის ამსახველი ვიდეორგოლი. კანონი სამართალდამრღვევის 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს."- აღნიშნულია ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



| Print |
FaceBook Twitter Google