არჩევნები 2017
ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები - ვინ არიან პარტიული სიის ლიდერები გურჯაანში

ადგილობრივი თვიმმართველობისა და წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეღა რჩება.


კონკურენცია საკმაოდ მაღალია, პოლიტიკურმა პარტიებმა გამარჯვებისთვის სხვადასხვა გზა აირჩიეს, თუმცა პარტიული სიის პირველ ათეულში თითქმის ყველა მათგანმა გურჯაანისთვის ცნობადი სახეები წარადგინა.

მანდატის მოსაპოვებლად 21 ოქტომბერს მეტწილად ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები იბრძოლებენ.

საარჩევნო ბლოკიდან "ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერიც - გიორგი პეტრუზაშვილია. ის წინა ხელისუფლების დროს, გურჯაანის გამგებლის მოადგილე და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2014 წელს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად იყრიდა კენჭს.

ამავე პარტიიდან სიის მეორე ნომერი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ვასილ უტიაშვილია.

ყოფილი საჯარო მოხელეების სიმრავლით განსაკუთრებით გამოირჩევა სასაარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც პარტიული სიის პირველ ნომრად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის ყოფილი სპეციალისტი - თემურ ბუწაშვილი დაასახელა, მეორე ნომერი და ამავე დროს, მერობის კანდიდატია - გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის ყოფილი უფროსი ნიკა ნიჟარაძე. მესამე ნომრად „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ირმა ონაშვილი დაასახელა, რომელიც სხვადასხა წლებში იყო: #12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ასევე, იურიდიული პირის "მოქალაქეთა თანადგომის“ დირექტორი, არქივის დირექტორი. პარტიული სიის მეოთხე ნომერიაბ - მარინა ლაფაჩიშვილი, გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ყოფილი სპეციალისტი.

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი კობა კუპრაშვილია.

მეორე ნომრად კი, პარტიამ კოალიცია "ქართული ოცნების" გურჯაანის რაიონული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი იოსებ ბერიკაშვილი დაასახელა.

საარჩევნო ბლოკიდან „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო” პერტიული სიის პირველი ნომერი და ასევე, მერობის კანდიდატი, გურჯაანის გურამ ჭილაშივილის #4 სარაჯო სკოლის ისტოორის პედაგოგი გია ხელაშვილია.

თავისი შემადგენლობით ცალკე განსახილველი საგანია მმართველი გუნდის პარტიული სია. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” სიის პირველი ნომერი გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილია.

მეოთხე ნომრად სახელდება - გურჯაანის გამგებლის მრჩეველი ელგუჯა ქათამაძე, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომხდარი გახმაურებული მოვლენების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. მაშინ გამგებელმა გია გერგიძემ მოქალაქეთა მიღება შეწყვიტა და პოლიცია გამოიძახა. გამგებლის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მათ მიერ მოყვანილ მოქალაქეებს მისაღებში შეყვნენ და მის მრჩეველს, ელგუჯა ქათამაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მეხუთე ნომრად პარტიამ საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი მაია ბეროშვილი წარადგინა, რომელსაც საკრებულოს წევრად არჩევის შემთხვევაში, მოუწევს დატოვოს თანამდებობა, რადგან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, 42-ე მუხლის „მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა“ კ) პუნქტი მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საწარმოს (საწარმოების) მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე;
მეექვსე ნომრად, მმართველი გუნდის პარტიულ სიაში წარდგენილია გურჯაანის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური განყოფილების უფროსი ზაზა თოდაშვილი.

მეშვიდე ნომერი კი, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი-დალი მინდიაშვილია.

როგორც ქალბატონი დალი „სპექტრთან“ საუბარში აღნიშნავს, 25 სექტემბრიდან შვებულებაში იმყოფება, საკრებულოს წევრად ყოფნა კი, სკოლების პოლიტიზირებას არ განაპირობებს. „ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი აპოლიტიკური, მაგრამ რადგან ასეთი ნდობა გამომიცხადეს, დავთანხმდი. რაც შეეხება სკოლის პედაგოგების პარტიის მხარდასაჭერ ღონისძიებებზე დასწრებას, ეს მათი სურვილია, პედაგოგიც რიგითი ამომრჩეველია და ხომ ვერ წავართმევთ მათ ამ უფლებას?! ესწრებიან იმის გამო, რომ აინტერესებთ, იგეგმება თუ არა ხელფასების ზრდა, გაუმჯობესდება თუ არა მათი მდგომარეობა, ათასი კითხვა აქვთ,“-აღნიშნავს დალი მინდიაშვილი.




სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

| Print |
FaceBook Twitter Google