არჩევნები 2017
როგორ აშუქებენ კახეთის მედიასაშუალებები საარჩევნო გარემოს

პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს წინასაარჩევნოდ ელექტორატის ინფორმირებულობის კუთხით, განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრიათ.


მაუწყებლების შემთხვევაში, ამ საკითხს კანონმდებლობა არეგულირებს. თუმცა სხვა შემთხვევაში, მიმართულებას თავად მედიის სარედაქციო პოლიტიკა განსაზღვრავს. საარჩევნო გარემოს ამომწურავად გაშუქება, რამდენიმე ეტაპს მოიცავს, წინასარჩევნო პერიოდის ანალიზი, დაკვირვება კენჭისყრის პროცესზე და არჩევნების შედეგების განხილვა. თუმცა საინფორმაციო საშუალების მცდელობის მიუხედავად, ელექტორატის ინფორმირება ვერ მოხერხდება, თუ ამისთვის მზად არ არიან საარჩევნო სუბიექტები და პოლიტიკური პარტიები.

როგორ აშუქებენ კახეთის მედიასაშუალებები წინასაარჩევნო გარემოს და რა ტენდენციები გამოიკვეთა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში? - ამ კითხვით მივმართეთ კახეთის რეგიონში ბაზირებულ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ნატო მეგუთნიშვილი - თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ჟურნალისტი და გადაცემა „დებატების-არჩევნები 2017“ წამყვანი: "პარასკევს, საღამოს ცხრის ნახევარზე პირდაპირ ეთერში გვაქვს დებატები, ვიწვევთ მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს. უკვე გვყავდა სტუმრად მოწვეული ახმეტის მერობის კანდიდატები, თუმცა დასახელებული 10 კანდიდატიდან, მხოლოდ სამი მოვიდა, მათ შორის არ იყო მმართველი გუნდის კანდიდატი. სხვა ვითარება იყო თელავის შემთხვევაში, 6 კანდიდატი გვყავდა სტუმრად. ყველას ეძლეოდა საშუალება, რომ ამომრჩევლისთვის გაეცნო პროგრამა, ჰქონდა თანაბარი დრო დასახულ მიზნებზე და სამუშაოებზე სასაუბროდ. დებატებმა მშვიდ ვითარებაში ჩაირა, იყო კამათი, კრიტიკაც, მაგრამ მხოლოდ ჯანსაღ რეჟიმში. პარალელურად, ვაკეთებთ, მოქალაქეების გამოკითხვას, ისინი საუბრობენ პრობლემებზე და გვაქვს, ასევე, პირდაპირი სატელეფონო ჩართვებიც.
ამ კვირის პარასკევს ვგეგმავთ, მოვიწვიოთ არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები, რომლებიც წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებენ. ტელეკომპანია თანამგზავრი წინასაარჩევნო პერიოდს აშუქებს საინფორმაციო გადაცემების საშუალებითაც.“

სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ მფლობელი და დირექტორი რამაზ სამხარაძე:

„როგორც ნებისმიერი სამაუწყებლო კომპანია, ასევე ჩვენც, ვაშუქებთ ყველა პარტიის თუ კანდიდატის აქტივობას. მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ვამზადებთ რეპორტაჟებს მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებით. ამის გარდა, რადიო „ჰერეთის“ ვებგვერდზე, ყოველდღიურ ფორმატში ნებისმიერ მაჟორიტარობის კანდიდატს თავის სურვილისამებრ, შეუძლია წარმოადგინოს პროგრამა. ყოველდღიურად, თორმეტ საათიანი საინფორმაციოს დასრულების შემდეგ, ვაშუქებთ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების ინტერვიუებს, რომლებიც საუბრობენ წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ.“

მაია ყალაბეგაშვილი მედიაჰოლდინგ „სპექტრის“ ხელმძღვანელი:

„ჩვენი მედია საშუალება არჩევნების პერიოდს რამდენიმე პლატფორმაზე აშუქებს. ესენია: გაზეთი „სპექტრი“, ვებ გვერდი: speqtri.ge და რადიო „ივრისის“ ვებგვერდი. სამივე მედიაპლატფორმის დახმარებით ვცდილობთ, ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა მოქალაქეს კანდიდატების ვინაობის შესახებ. ასევე არჩევნებში მონაწილე ყველა მაჟორიტარ კანდიდატს მივეცით საკუთარი პროგრამის წარდგენის საშუალება. თუმცა გვქონდა შემთხვევა, როდესაც პარტია „გიორგი ვაშაძე–ერთობა ახალი საქართველოს” წარმომადგენელმა, დარეჯან მაჭავარიანმა, მედიასთან თანამშრომლობასა და ინტერვიუზე უარი განაცხადა. სამწუხაროდ, ეს ფაქტი არ არის ახალი. წინა ხელისუფლების დროსაც, ხშირი იყო შემთხვევა, როცა კანდიდატები თავს იკავებდნენ კომენტარის გაკეთებაზე. რაც შეეხება საარჩევნო სტანდარტს, ის ითვალისწინებს, რომ ყველა პარტიის წარმომადგენელს ჰქონდეს ერთი და იგივე სივრცე და შესაძლებლობა, რათა ამომრჩეველს გადასცეს საკუთარი სათქმელი. ჩვენ, სწორედ, ამ სტანდარტს ვეყრდნობით, მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი პარტიისა თუ კანდიდატის პროგრამა, უფრო მეტადაა წარმოდგენილი ზოგის კი - ნაკლებად. ეს ყოველივე დამოკიდებულია არჩევნებში მონაწილე სუბიექტის სურვილზე ეთანამშრომლონ მედიასაშუალებას.“

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკო-ში 61 მედიაორგანიზაცაა რეგისტრირებული, აკრედიტებული მედიასაშუალებები კენჭისყრის დღეს დააკვირდებიან.




სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

| Print |
FaceBook Twitter Google