პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: 2021 გადამწყვეტი წელი იქნება, როგორც პანდემიის უარყოფითი შედეგების ნიველირების კუთხით, ასევე სწრაფი ეკონომიკური ცვლილებების მხრივ
მინდა შევეხო პანდემიის შედეგებთან ბრძოლასა და ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენის საჭიროებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. მე, ეს პერიოდი ხშირად მქონდა შეხვედრები და მუდმივ კომუნიკაციაში ვარ მათთან და ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანი და უფრო მეტიც, განამწყვეტი შეიძლება იყოს პანდემიისგან შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. 2021 წელი იქნება სწორედ გადამწყვეტი, როგორც პანდემიის უარყოფითი შედეგების ნიველირების კუთხით, ასევე სწრაფი ეკონომიკური ცვლილებების მხრივ, ამიტომაც ეს წელი აუცილებლად უნდა დაიგეგმოს სწორად, მიზანმიმართულად, ყველა საჭიროების განთვალისწინებით, რისკების მაქსიმალური დაზღვევითა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების მაქსიმალური მხარდაჭერით - განაცხადა დავით სონღულაშვილმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

მისი აზრით, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, არ იცვლება ქვეყნის მთავარი ორიენტირი როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე სახელმწიფო მმართველობის განვითარების კუთხით.

„ალბათ დამეთანხმებით, რომ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, არ იცვლება ქვეყნის მთავარი ორიენტირი როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე სახელმწიფო მმართველობის განვითარების კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ 4 წლის შემდგომ ევროკავშირის განაცხადის გაკეთება იქნება ნამდვილად სწორი სტრატეგიული არჩევანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა თუ წინსვლისთვის. ევროკავშირთან დაახლოვება და ასოცირების პროცესი პროგრამის ძირითადი ლაიტმოტივი იყო და აქვე აღნიშნული იყო, რომ ეს პროცესი მოიცავს ჩვენი კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციას, რაც გულისხმობს გარკვეულ რეგულაციების შემოღებას ან დახვეწას, როგორც სამეწარმეო საქმიანობის წარმართვის, ისე სალიცენზიო საქმიანობის, შრომის კანონმდებლობის და სხვა მიმართულებებით. ჩემი მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებში, ამ რეფორმების გატარებაში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გამოვიყენოთ რეგულირების გავლენის შეფასების ინსტრუმენტი, ე.წ RIA, რაც ნამდვილად თანამედროვე მიდგომაა ეკონომიკური რეფორმების გატარების მხრივ,“- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მნიშვნელოვანი საზოგადოების ჩართულობა პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დასაძლევად.
„რა თქმა უნდა პრობლემების დაძლევა მხოლოდ მთავრობისა და მხოლოდ ხელისუფლების საქმე ვერ იქნება და სწორედ, აქ არის საჭირო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობა, ამიტომ მზად ვარ რომ ყველა ფორმატი და ყველა პლატფორმა გამოვიყენო, რათა ვაწარმოოთ დიალოგი ეკონომიკური ფერომების კუთხით, საზოგადოების, დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობისა და მით უფრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს მთლიანობაში გაზრდის რეფორმებისადმი ნდობის მაჩვენებელსაც და დაეხმარება პროცესის გაჯანსაღებას. ჩვენი კომიტეტიც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც პლატფორმა ასეთი ტიპის ჩართულობის უზრუნველყოფისა და დარგობრივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობის კუთხით. ეს ინიციატივა არ გულისხმობს იმას, რომ რეფორმების ტემპი და ის სწრაფად გადასადგმელი ნაბიჯები, რაც მთავრობამ კრიზისის დაძლევისა და შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის უნდა გადადგას, რომ რაღაცნაირად უნდა შეფერხდეს და გაიწელოს დისკუსიებში. არა, ნამდვილად არ ვფიქრობ ასე. უბრალოდ, საზოგადოების მეტი ჩართულობა და თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმატის გამოყენება, ჩემი აზრით, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ რეფორმები შედარებით უმტკივნეულოდ წარიმართოს და მათში გათვალისწინებული იყოს რაც შეიძლება მეტი ჯგუფისა და მხარის ინტერესი,“ - განაცხადა პარლამენტის წევრმა.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, დეპუტატმა ლარის კურსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მერყეობა და მოკლე პერიოდში გაუფასურებების შემთხვევები არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოს ქმნის ჩვენს ქვეყანაში.

„არ შემიძლია არ ვისაუბრო ეროვნული ვალუტის დევალვაციის და ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით სხვა ვალუტებთან მიმართებაში. ეს საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, რაც როგორც კონკრეტული მოქალაქეებისთვის, ასევე ბევრი მეწარმისთვის და განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. კურსის მერყეობა და მოკლე პერიოდში გაუფასურებების შემთხვევები ასევე არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოს ქმნის ჩვენს ქვეყანაში, რაც ნამდვილად ცუდი სიგნალია უცხოელი ინვესტორებისთვისაც. ნუ, ლარის კურსის საკითხი ბევრი მიმართულებით აფერხებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და პლუს ეს დიდ პრობლემებს უქმნის ჩვენი მოქალაქეების და ბიზნესების საკმაოდ დიდ ნაწილს. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება ლარის კურსის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება და კონკრეტული ნაბიჯების გაწერა, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით. ეს საკითხი, ვფიქრობ, უაღრესად პრიორიტეტული და საჩქაროა,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დავით სონღულაშვილი საქართველოს პარლამენტის მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის აქტიური წევრია, რომელიც 2019-2020 წლებში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს თავმჯდომარეობდა, ხოლო ამჟამად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა.


[R]
| Print |
FaceBook Twitter Google