პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: რეფორმა მაშინ არის მნიშვნელოვანი და ძლიერი, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად იღებს გადაწყვეტილებას
ეს კომიტეტი იქნება პლატფორმა, სადაც კერძო სექტორს შეეძლება თუნდაც მარეგულირებელთან საუბარი კონკრეტულ ინიციატივებზე. მინდა გთხოვოთ მაქიმალური ჩართულობა ნებისმიერი კანონპროექტის განხილვისას, რადგან ასე იქნება შესაძლებელი, მაქსიმალურად ყველას ინტერესების დაცვით განხორციელდეს ნებისმიერი რეფორმა. “ეს კომიტეტი იქნება პლატფორმა, სადაც კერძო სექტორს შეეძლება თუნდაც მარეგულირებელთან საუბარი კონკრეტულ ინიციატივებზე. მინდა გთხოვოთ მაქიმალური ჩართულობა ნებისმიერი კანონპროექტის განხილვისას, რადგან ასე იქნება შესაძლებელი, მაქსიმალურად ყველას ინტერესების დაცვით განხორციელდეს ნებისმიერი რეფორმა. რეფორმა მაშინ არის მნიშვნელოვანი და ძლიერი, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად იღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა.


კომიტეტმა, სხდომაზე, რომელშიც კომუნიკაციების სფეროში არსებული ბიზნესის და მაუწყებელთა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს მოუსმინა და სხდომის ბოლოს 6 კანდიდატიდან ორ მათგანს დაუჭირა მხარი.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ კომიტეტს მთავრობის მიერ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ნათია კუკულაძის, ირაკლი ბუთბაიასა და ოლია ვოტის, ხოლო მეორე ვაკანსიაზე - ეკატერინე იმედაძის, ივანე მახარაძისა და თამარ ჭელიძის კანდიდატურების თაობაზე პრეზიდენტის წარდგინება გააცნო. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ჩატარებული კონკურსის შედეგად შეარჩია წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც შემდეგ პრეზიდენტს გადაეგზავნა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარედგინა პარლამენტს.

კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ გამართული კენჭისყრის შედეგად კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კომიტეტმა 9 ხმით ნათია კუკულაძეს, 8 ხმით ეკატერინე იმედაძეს დაუჭირა მხარი.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის შეფასებით, წარმოდგენილი კანდიდატების მიმართ გამოხატული დამოკიდებულებით გამოიკვეთა, რომ გაუგებრობა არსებობს მარეგულირებელ კომისიასა და კერძო სექტორს შორის.

„გამოიკვეთა, რომ გაუგებრობა არსებობს მარეგულირებელ კომისიასა და სექტორს შორის, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მზად ვართ მაქსიმალური თანამშრომლობისთვის, მაქსიმალური ჩართულობისთვის პროცესში იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც კომიტეტს გააჩნია,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებაზე, მთავრობის მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

[R]

| Print |
FaceBook Twitter Google