პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაცია აკრიტიკებს ღარიბაშვილის რიტორიკას ნარკოპოლიტიკაზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან რეპრესიასა და დასჯაზე ორიენტირებულ რიტორიკის გამოყენება უკიდურესად პრობლემურია. პრემიერ-მინისტრის განცხადება, ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წახალისების ნაცვლად, ნარკომომხმარებლების სტიგმატიზებას და საზოგადოებისგან კიდევ უფრო გარიყვას იწვევს, ხოლო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ჭრილში გამოთქმული მოსაზრებები პრობლემის საფუძვლების აღმოფხვრისკენ არ არის მიმართული.

„უნდა ითქვას, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასმული აქცენტი, თითქოს ნარკოპოლიტიკა დღეს საქართველოში ლიბერალურია, არ გამოხატავს რეალობას. მართალია, 2015 წლიდან დღემდე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების დამსახურებით, ნარკოპოლიტიკა საქართველოში უფრო მეტად ჰუმანური გახდა ვიდრე მანამდე იყო, თუმცა, არსებითად ის კვლავაც დასჯის და სისხლის სამართლებრივ მექანიზმებს ეყრდნობა. ცალკეული მიმართულებებით (მაგალითად, მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციების გაუქმება) სასჯელის შემსუბუქება, ან გაუქმება ვერ ჩაითვლება ზოგადად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციად. მით უფრო, რომ სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს ქმედითი ღონისძიებები გატარებული ნარკოტიკის მოხმარების პრევენციის კუთხით და კვლავაც ფრაგმენტული და არასაკმარისია ზიანის შემცირების და მკურნალობის მიმართულებით არსებული პროგრამები. შესაბამისად, ის, რომ ნარკოტიკის მოხმარება (განსაკუთრებით მოზარდებში) დღეს მნიშვნელოვან სოციალურ გამოწვევას წარმოადგენს, თავისთავად არ უნდა აიხსნას იმით, რომ ბოლო წლებში ცალკეულ ქმედებებზე მოხდა სასჯელების შემსუბუქება. არსებული პრობლემების უპირველესი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ პრევენციის, ზრუნვის და ზიანის შემცირების მექანიზმების არასაკმარისობა, ან არარსებობაა“,- ნათქვამია განცხადებაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ არგუმენტად იყენებს Human Rights Watch-ის 2018 წლის ანგარიშს, რომელზე დაყრდნობითაც აცხადებს, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, მეორეხარისხოვნად არის მიჩნეული ზრუნვასა და მკურნალობაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მათი განცხადება არ გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის და დაიწყონ მსჯელობა რეალურად ჰუმანური, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის შექმნისთვის.
| Print |
FaceBook Twitter Google