პოლიტიკა
თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გავიმარჯვებთ ჩვენც, თუმცა სამარცხვინოდ - პაატა ზაქარეიშვილი
სიტუაცია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე კვლავ დაძაბულია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 1 თებერვალს ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრისას, ანტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მდივანმა მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ და ჯარებისა და ტექნიკის გაყვანისკენ უკრაინის საზღვრებიდან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში შემდგომ შეჭრას სწრაფი და მძიმე შედეგები მოჰყვება და რუსეთს დიპლომატიური გზის გატარებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის შემოდგომაზე რუსეთმა მასობრივი სამხედრო წვრთნები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით. რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ათი ათასობით რუსი სამხედროს თავმოყრამ, დასავლეთში დიდი შეშფოთება გამოიწვია, რასაც მალევე მოჰყვა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) რეაგირება. დასავლეთის ქვეყნები ამას, რუსეთის უკრაინაში შეჭრისთვის მზადებად განიხილავენ.

ამ დროისთვის კრემლის მთავარი მოთხოვნა -ნატომ უარი თქვას უკრაინისა და „სხვა ქვეყნების“ ალიანსში მიღებასა და აღმოსავლეთით გაფართოებაზე, კვლავ აქტუალური რჩება. ამ ყველაფერს ნატო იმით პასუხობს, რომ არცერთ სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც სურვილი აქვს, გაწევრიანდეს ალიანსში, უარს არ ეტყვის და მისი კარი ასეთი სახელმწიფოებისთვის ყოველთვის ღიაა.

ნატო მოკავშირეებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მზად არის, მყისიერი რეაგირება მოახდინოს იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი შეიჭრება უკრაინაში. კრემლი უარყოფს იმ ფაქტს, რომ იგეგმება უკრაინაში შეჭრა.

პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ფედერაციას რეალურად სურს, მიაღწიოს იმას, რომ უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, არ გახდეს ნატოს წევრი, რისთვისაც ყველაფერზეა წამსვლელი, თუმცა რუსეთის მთავარი მიზანი არ არის ომი.

„რა თქმა უნდა, მოლოდინი შეიძლება იყოს ყველანაირი. არცერთი ვარიანტის გამორიცხვა არ შეიძლება. რუსეთი ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის ომზეც, მაგრამ მგონია, რომ მას არ უნდა აწყობდეს ომი. ეს მისთვის ბოლო ვარიანტია. თუკი, რუსეთი სხვა ფორმით ვერ მიაღწევს მიზანს, მაშინ მოუწევს ომის დაწყება. ჩემი აზრით, რუსეთის ამოცანა არ არის შეიარაღებული ბრძოლა, მისი მიზანი სხვაა. რუსეთს სურს, სამუდამოდ შეაფერხოს უკრაინის გაწევრიანება ნატოში, ეს არის მისი მთავარი ამოცანა,“-ამბობს speqtri.ge-სთან პაატა ზაქარეიშვილი.

ექსპერტის თქმით, რუსეთისთვის წარმოუდგენელია „უკრაინის დაკარგვა“, მისთვის ეს ცივილიზაციური კატასტროფა იქნება. რუსეთი უკრაინას თავის განუყოფელ ნაწილად განიხილავს, ხოლო უკრაინელებსა და რუსებს - ერთი ერის წარმომადგენლებად.

„რუსეთის კულტურაში, ცივილიზაციასა და სწავლებაში ითვლება, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია, ერთი ცივილიზაციის ნაწილია, მათ ერთმანეთი შექმნეს. რუსეთისთვის, კერძოდ, დღევანდელი მმართველობისთვის, პუტინისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება უკრაინა მათგან წავიდეს.

მაგალითად, საქართველო რუსეთისთვის არის იმპერიის კონსტრუქციის ნაწილი, მაგრამ უკრაინა ორგანიზმის ნაწილია, რუსების გაგებით, თუმცა უკრაინელები ასე არ ფიქრობენ. ამიტომ, რუსეთის მთავარი ამოცანაა, არ დაუშვას თავისი ცივილიზაციური კატასტროფა. ის ბელორუსიასაც ასე უყურებს, არ უნდა მისი გავლენის მიღმა აღმოჩნდნენ ეს სახელმწიფოები, ამიტომ ყველანაირად ცდილობს პოზიციების შენარჩუნებას. ამავდროულად, მას კარგად ესმის, რომ ომით ყველაფერს ვერ მოაგვარებს. რუსეთი კარგად ხვდება, ომით კიდევ უფრო ჩამოიშორებს უკრაინელ ხალხს. მას ურჩევნია შანტაჟით, დაშინებით, ომის შიშით მიაღწიოს საწადელს,“-განმარტავს პაატა ზაქარეიშვილი.

ნატომ უკვე რამდენჯერმე გააკეთა შემაშფოთებელი განცხადებები. მსოფლიო შეძრწუნებული ელოდება მოვლენების განვითარებას, მაგრამ ომი ჯერჯერობით არ დაწყებულა. დასავლეთი ყოველდღე ელოდება კონფლიქტის გამწვავებას, მედიისა და საზოგადოების ყურადღება ამ ორ სახელმწიფოზეა მიმართული. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რამდენად რეალურია ომის საშიშროება? როგორ შეეხება ეს ყველაფერი მსოფლიოს, კავკასიასა და საქართველოს?

„თუ უკრაინა დამარცხდება, დანებდება და აღარ იქნება მისი ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი, ჩვენზეც მოხდება ამ ყველაფრის გავრცელება და ჩვენც იმ პოლიტიკის ნაწილი გავხდებით, რომელშიც ნატო უკრაინასა და საქართველოზე უარს იტყვის.

პირადად მე, ვერ წარმომიდგენია, რომ ნატომ ეს დაუშვას. ყველაზე ცუდი ვარიანტი, რომელიც, ვიმედოვნებ, არ მოხდება, არის ის, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში მის მიერ მოყვანილი მთავრობა იტყვის უარს ნატოში გაწევრიანებაზე.“

უკრაინას მხარდაჭერა არაერთმა სახელმწიფომ გამოუცხადა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. მათ ასეთ ქმედებას პოლიტოლოგი სამარცხვინოს უწოდებს.

„ალიევი ჩავიდა უკრაინაში და ზელენსკის გვერდში ამოუდგა. ისე, რომ რუსეთი არ უხსენებია, მხარი დაუჭირა უკრაინასა და მის სუვერენიტეტს. ამ დღეებში უკრაინაში ჩადის ერდოღანი. შესაძლოა მანაც არ შეუტიოს რუსეთს, პირდაპირი გაგებით, თუმცა ამით, პირველ რიგში, დაიცავს უკრაინას.

საქართველოს ხელისუფლება დღეს იქცევა აბსოლუტურად სამარცხვინოდ, ასე ვიტყოდი. საქართველო არ ეხმარება ნატოს, რათა ნატო გაძლიერდეს საქართველოზე სალაპარაკოდ, პირიქით, ჩუმადაა, გასუსულია, რითაც აძლიერებს რუსეთის არგუმენტებს. რუსეთი ნატოს ეუბნება, რომ საქართველო გაჩუმებულია, ხმას არ იღებს, ნატოში გაწევრიანება არ უნდა. რუსეთის პოზიცია, თითქოს ნატოში მიგვათრევენ, ძლიერდება ჩვენი დუმილით.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მტკიცედ დაიცავს საკუთარ პოზიციებსა და ჩვენს უნიათო პოლიტიკასაც. თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გავიმარჯვებთ ჩვენც, თუმცა სამარცხვინოდ, რადგან ამ გამარჯვებაში წვლილი არ შეგვაქვს, რაც დიდი სირცხვილია ჩვენნაირი ერისთვის, რომელიც ყოველთვის თავის ღირსებას იცავდა,“- გვეუბნება პაატა ზაქარეიშვილი.

პოლიტოლოგის აზრით, საქართველო ყველაზე მეტად უნდა ედგას გვერდში უკრაინის მთავრობას და გაახსენოს მსოფლიოს, რომ ჩვენც ისეთივე მსხვერპლი ვართ, როგორც უკრაინა.

„ჩვენ 2008 წელს დაგვაზარალა რუსეთმა, რაზეც ყოველთვის უნდა ვლაპარაკობდეთ. ჩვენ ვართ რუსეთის მსხვერპლი, ისევე, როგორც დღეს უკრაინა. ყველაზე მეტად ჩვენ უნდა ვხმაურობდეთ, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. ხელისუფლების მთელი შემადგენლობა- პრეზიდენტი, პარლამენტის თავჯდომარე და პრემიერ-მინისტრი- ერთად უნდა ჩავიდნენ უკრაინაში. პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს რადაში და იქიდან მოუწოდოს ნატოს, რომ მოგვცენ მაპი, რადგან დადგა ამის დრო. ეს უნდა გააკეთოს საქართველოს პრეზიდენტმა.

ასეთი დაბეჩავებული საქართველო არასდროს მინახავს. ჩვენ უკან მივდივართ, ვაძლიერებთ რუსულ პოლიტიკას, რითაც ვასუსტებთ ნატოს პოზიციას. ნატოს უჭირს ჩვენი დაცვა. საქართველო არ ადასტურებს, ჩვენს ნატოში ყოფნის სურვილს.“ - ამბობს ზაქარეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების დროშებთან ერთად, საქართველოს დროშა არ იყო გამოფენილი. საქართველოს მთავრობა ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ მოხდა მხოლოდ იმ სახელმწიფოების დროშების გამოფენა, რომელთან სამხედრო დახმარება გაუწიეს უკრაინას.
| Print |
FaceBook Twitter Google