პოლიტიკა
ემანუელ მაკრონის პოლიტიკური ვიზიტები უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად
რამდენიმე თვეა, რაც უკრაინა-რუსეთის საზღვარზე მიმდინარე მოვლენები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ასი ათასობით რუსი სამხედრო დღესაც უკრაინის საზღვართანაა განლაგებული, რასაც რუსეთი მასობრივი სამხედრო წვრთნებით ხსნის, თუმცა დასავლეთი ამას უკრაინაში შეჭრისთვის მზადებად განიხილავს.

რუსეთის მთავარი მოთხოვნა დღემდე უცვლელი რჩება-ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა(ნატომ) უარი უნდა თქვას უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე და, ზოგადად, აღმოსავლეთით გაფართოებაზე. რუსეთი მიიჩნევს, რომ ნატო უნდა დაუბრუნდეს და არ გასცდეს 1997 წლის საზღვრებს.

9 თებერვალს ემანუელ მაკრონსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საფრანგეთისა და ამერიკის პრეზიდენტებმა განიხილეს მაკრონის შეხვედრები ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინთან.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ასევე ილაპარაკეს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის გაზრდის პასუხად მიმდინარე დიპლომატიურ და შეკავების ძალისხმევაზე, რომელსაც მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მიმართავენ.

თეთრი სახლის პრეს-მდივანს, ჯენ საკის 9 თებერვალს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იზიარებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტის ოპტიმიზმს გარკვეული პროგრესის შესახებ. საკის პასუხის თანახმად, ვაშინგტონისთვის მთავარია, რომ რუსეთმა ნაბიჯები გადადგას დეესკალაციისკენ, რაც ჯერჯერობით არ ხდება. თეთრი სახლის პრეს-მდივნის ინფორმაციით, პრეზიდენტი ევროპელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს.
ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს 7 თებერვალს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტს - 8 თებერვალს შეხვდა.

მაკრონის შეხვედრა პუტინთან

BBC-ს სტატიაში ვკითხულობთ, რომ საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე კვლავ გაჟღერდა რუსეთის უკმაყოფილების მიზეზები, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის „ღია კარის პოლიტიკა“. პუტინის თქმით, კრემლის მთავარი მოთხოვნაა, ნატომ უარი განაცხადოს უკრაინისა და საქართველოს ალიანსში მიღებაზე. ამ მოთხოვნას დასავლეთის ქვეყნები იმით პასუხობენ, რომ ეს მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოსა და თვითონ ბლოკის გადასაწყვეტია.

„ყველა მნიშნველოვან კითხვაზე: ნატო-ს გაფართოების შეწყვეტაზე, ჩვენს საზღვრებთან სამხედრო ტექნიკის განლაგების შეწყვეტაზე, ნატო-ს ინფრასტრუქტურის 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებაზე, არც პოზიციაა და არც პასუხი - კი ან არა. ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ კლიშეს, მაგრამ არა პასუხებს ჩვენს კითხვებზე,“-თქვა პუტინმა.

მაკრონმა, ისევე, როგორც პუტინმა, არ გააჟღერა შეხვედრის დეტალები. ვლადიმირ პუტინის თქმით, მაკრონის ზოგიერთი შემოთავაზება მისთვის პერსპექტიულია.

„მთელი რიგი მისი იდეები, შემოთავაზებები, რომლებზე ლაპარაკიც, ალბათ, ჯერ ადრეა, მაინც სრულიად შესაძლებლად მიმაჩნია იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი ნაბიჯების საძირკვლად გამოვიყენოთ“,-განაცხადა პუტინმა.

როგორც კი, რუსეთმა გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში საჯაროდ და წერილობით გააჟღერა თავისი მოთხოვნები, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა და უკრაინამ მაშინვე, განაცხადეს, რომ ამ მოთხოვნების შესრულება და მათზე მოლაპარაკებებიც შეუძლებელია.

მაკრონის შეხვედრა ზელენსკისთან

ორი სახელმწიფოს პრეზიდენტებმა განიხილეს კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში და მოილაპარაკეს თანამშრომლობაზე რამდენიმე სფეროში, მათ შორის, უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე. ერთი დღით ადრე, მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, BBC ავრცელებს.

მაკრონსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკება დროში გაიწელა; პრეზიდენტები პრესასთან ერთი საათის დაგვიანებით გამოვიდნენ. ამის გამო, ბრიფინგი დაჩქარებული წესით წარიმართა- ზელენსკისა და მაკრონს უკრაინული და ფრანგული პრესის წარმომადგენლებმა თითო შეკითხვა დაუსვეს.

შეხვედრის გახსნისას, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო 24 წლის მანძილზე, ეს კიევში საფრანგეთის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო და თქვა, რომ მოლაპარაკების მთავარ საგანს წარმოადგენდა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ მაკრონთან რამდენიმე შეთანხმებას მიაღწია. ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ფრანგული კომპანიები უკრაინას დაეხმარება თავდაცვის სექტორების რეფორმაში, ხოლო უკრაინის სარკინიგზო მონოპოლიამ საფრანგეთისგან ახალი ლოკომოტივები შეიძინა.

„ეკონომიკური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ დიდად ვაფასებთ სხვა სახელმწიფოებისგან სოლიდარობის ასეთ ნაბიჯს, ემანუელის ძლიერ ნაბიჯს, საფრანგეთის მხრიდან - უკრაინისთვის 1,2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფას. ეს ნამდვილად დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკის სტაბილიზაციაში. ჩვენ ისედაც, არც თუ ისე ცუდად, მივდივართ წინ,თუმცა ეს არის მძლავრი ნაბიჯი უკრაინის ეკონომიკური მდგრადობისთვის“,- განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

1,2 მილიარდ ევროზე მაკრონმაც ისაუბრა, თუმცა მან ამას არა მაკროფინანსური დახმარება, არამედ ფრანგული კომპანიებისგან უკრაინული პროექტების დაფინანსების სახელმწიფო გარანტიები უწოდა. ამის შესახებ ჩარჩო შეთანხმება, ჯერ კიდევ გასული წლის მაისში იყო მიღებული, ახლა კი, როდესაც მაკრონი პირადად ჩავიდა კიევში, ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას.

პირველი მათგანი ითვალისწინებს 900 მილიონი ევროს ღირებულების „Alstom“-ის ფრანგული ლოკომოტივების მიწოდებას უკრაინისთვის, ხოლო მეორე- 300 მილიონი ევროს ღირებულების, 370 ერთეულ სპეცტექნიკას მაშველებისთვის.

რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, ამას ევროკავშირი უკრაინას, ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში დაპირდა, თანხა იგივეა-1,2 მილიარდი ევრო. საუბარია უკვე არა გარანტიებზე, არამედ პირდაპირ დაბალპროცენტიან გრძელვადიან სესხებზე.

ქვეყნის აღმოსავლეთით მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ელოდება „ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრას პოლიტიკური მრჩევლების დონეზე. ცოტა ხნით ადრე, ელისეის სასახლემ განაცხადა, რომ მაკრონი ასეთი შეხვედრის გამართვაზე მოელაპარაკა პუტინს.
„ჩვენ მეტად ვაფასებთ საფრანგეთის მხარდაჭერას. ჩვენ, საფრანგეთის პრეზიდენტთან გვაქვს საერთო შეხედულებები გამოწვევებზე, რომლებიც დგას უკრაინისა და, მთლიანად, ევროპის წინაშე,“-თქვა უკრაინის ლიდერმა.

მაკრონმა ორივე მხარეს სიტყვასა და საქმეში სიმშვიდისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე, შესაძლოა, წინ წაიწიოს, რადგან რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის შესამცირებლად არსებობს კონკრეტული, პრაქტიკული გადაწყვეტილებები.

ჟურნალისტებმა ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვეს, გაეკეთებინა კომენტარი პუტინის მიერ ცოტა ხნის წინ გაჟღერებულ სიტყვებზე, რომელშიც ის უკრაინას მოუწოდებდა, შეესრულებინა მინსკის შეთანხმება და ციტირებდა: „მოგწონს, არ მოგწონს-მოითმინე, ჩემო ლამაზო“.

პასუხის გაცემისას, უკრაინის პრეზიდენტმა, რუსულ ენაზე თქვა, რომ ამ კონფლიქტში უკრაინელების მოთმინებაზე, მართლაც, ბევრი რამეა დამოკიდებული.
| Print |
FaceBook Twitter Google