პოლიტიკა
უკრაინამ, პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ალიანსი შეკრეს
უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა თანამშრომლობის ახალი სამმხრივი ფორმატი წარმოადგინეს, რაც მიზნად ისახავს ევროპის საფრთხეებზე რეაგირებასა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინული მედიასაშუალება „Ukrinform” ავრცელებს.

„დღეს ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დავაანონსოთ ახალი სამმხრივი ფორმატის კოოპერაცია უკრაინის, გაერთიანებულ სამეფოსა და პოლონეთს შორის“,-განაცხადა კიევში გაერთიანებული სამეფოს საგარეო,თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანთან, ლიზ ტრუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, - იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი.

მან ასევე თქვა, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ ლოგისტიკური მიზეზების გამო, ვერ ჩავიდა კიევში, თუმცა ის შეხვედრას დისტანციურად ერთვებოდა.

სამი უმაღლესი დიპლომატის ერთობლივი განცხადება მალე გამოჩნდება ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურ ვებსაიტებზე, - დასძინა კულებამ.

„კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი გვერდში დაუდგება უკრაინელ ხალხს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის დაცვაში“,-განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ახალი ფორმატის წევრები ორიენტირებულები იქნებიან ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, ენერგეტიკულ კოოპერაციასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
| Print |
FaceBook Twitter Google