პოლიტიკა
ვლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი სამიტში მონაწილეობას მიიღებენ
ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები სამიტში მონაწილეობას დათანხმდნენ, სადაც „ევროპაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“ განიხილავენ. სამიტზე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითებზეც იმსჯელებენ.

ელისეს სასახლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაესაუბრა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს და შესთავაზა სამიტის ჩატარება პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ პუტინს შორის, შემდეგ კი შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, რათა განიხილონ ევროპაში უსაფრთხოება და სტრატეგიული სტაბილურობა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამიტი მხოლოდ იმ შემთხვევში ჩატარდება, თუკი რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება.

სამიტის მომზადება დაევალათ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს. ისინი ერთმანეთს 24 თებერვალს შეხვდებიან.

„როგორც პრეზიდენტმა არაერთხელ ცხადყო, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიპლომატია შემოჭრის დაწყებამდე. მდივანი ბლინკენისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის შეხვედრა დაგეგმილია ამ კვირის ბოლოს ევროპაში, იმ პირობით, რომ რუსეთი არ განაგრძობს სამხედრო მოქმედებებს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა პრინციპულად მიიღო გადაწყვეტილება, შეხვდეს პრეზიდენტ პუტინს, თუკი რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიპლომატიისთვის. ჩვენ ასევე მზად ვართ მოვახდინოთ სწრაფი და მძიმე რეაგირება, თუ რუსეთმა ომი აირჩია. ამჟამად, როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს მზადებას უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის უახლოეს მომავალში“,-ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.

ცნობისთვის, 20 თებერვალს მაკრონსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის ლიდერებს.
| Print |
FaceBook Twitter Google