პოლიტიკა
საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა-რას სწერს „პატრიოტთა ალიანსი“ პუტინს
პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართავს. წერილში ნათქვამია, რომ ხელმომწერები ემხრობიან საქართველოსა და უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტს და საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენა სურთ.


„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! ჩვენ მწუხარებით უნდა გაუწყოთ, რომ საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა, რასაც მოწმობს მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. საქართველოს მთავრობა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ უთმობს ტერიტორიას ნატოს სამხედრო წვრთნებს, რაც სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის გამოწვევა.
ჩვენ ასევე მწუხარებით უნდა გაუწყოთ, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელში, რომლებიც ცრუ გამოკითხვებით ხატავენ სურათს, თითქოს ქვეყნის უმრავლესობა ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სოციოლოგიური გამოკითხვა 2020 წელს “პატრიოტთა ალიანსმა” ჩაატარა, რომელმაც 1,2 მილიონი ადამიანი გამოკითხა, 900 ათასთან კი აუდიო ინტერვიუ ჩაწერა. ამ კვლევის შედეგებმა აჩვენა: მოსახლეობის 69,4% სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მომხრეა, 75,8 %-ს კი რუსეთთან დიალოგის დაწყებას ემხრობა” – ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ირმა ინაშვილი ავრცელებს.

„ვფიქრობ, გასული ორი კვირა ძალზედ დამაფიქრებელია: ჯერ გერმანიის კანცლერი, შემდეგ კი, საფრანგეთის პრეზიდენტი ესტუმრნენ მოსკოვს. უნგრეთის პრემიერმინისტრიც მოსკოვში გახლდათ. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსაუბარი შედგა, შემდეგ კი, აშშ-ს პრეზიდენტმა საჯაროდ მიმართა რუს ხალხს და რამდენიმე საგანგებო განცხადებაც გააკეთა. აღარაფერს ვამბობ ნატოს მოქმედი და ყოფილი გენერალური მდივნების საჯარო მიმართვებზე და სხვადასხვა პოლიტიკოსებისა თუ სამხედროების განცხადებებზე.

დამაფიქრებელია ასევე, რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედროების განცხადებებიც: რუსეთს კონკრეტული მოთხოვნები აქვს და, ჩემი აზრით, უკან ვეღარ დაიხევს. როგორც ჩანს, არც დასავლეთი აპირებს რაიმეს დათმობას: გერმანიამ აღიარა, რომ უსაფრთხოების არსებული სისტემა ქმედითი არაა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა „რბილად“ ისაუბრეს უკრაინის შესაძლო ნეიტრალიტეტზე და მეტი არც არაფერი!
პირადად ჩემთვისაც და ჩვენი გუნდისთვისაც ცხადია, რომ მსოფლიო დიდი კონფლიქტის ზღვარზეა და აქ საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე ან აზიასა თუ აფრიკაზე, აქ საუბარია ახალ წესრიგსა და წესებზე!

ჩვენი გუნდისთვის ასევე ცხადია, რომ საქართველო, ჩვენდა სამწუხაროდ, მოვლენათა ქარცეცხლში აღმოჩნდება და ვფიქრობ ნათელია, რომ ძალზედ გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ამ ქარცეცხლში უეჭველად გადავრჩეთ!

უპირველეს ყოვლისა, „ქართულ ოცნებას“ ვურჩევ ყველა სიტყვა აწონ-დაწონოს, რამეთუ არსებულ ვითარებაში ხმამაღალი განცხადებები ნატოს მხარდასაჭერად უბრალოდ უადგილოა.

ალბათ პირველად ცხოვრებაში საჯაროდ მივმართავ სააკაშვილის მხარდამჭერ პარტიებს, ორგანიზაციებსა და, რაც მთავარია, მედიას: მოგიწოდებთ მაქსიმალური კორექტულობისკენ, რუსეთის ლანძღვა-გინება, განსაკუთრებით ახლა, არანაირ სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, მოგვიტანს მხოლოდ უბედურებას!

სამწუხაროდ, ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთთან დაპირისპირებამ ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა და ეს დაპირისპირება დამღუპველია საქართველოსთვის. ახლა დაპირისპირებაზე კი არა,- ნორმალიზებაზე უნდა ვიზრუნოთ, ახლა დიპლომატია და ბრძნული სიტყვაა საჭირო, თუ გვინდა გადავრჩეთ!

გრძნობს რა პასუხისმგებლობას, ჩვენი გუნდი დღეს, ისევე როგორც შარშან, კვლავ საჯაროდ მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს, რათა ვიმოძრაოთ საერთო ენის გამონახვისა და ურთიერთობის დათბობისკენ და არა დამღუპველი დაპირისპირებისკენ“,-წერს თავის ოფიციალურ ფეიბუქ-გვერდზე ირმა ინაშვილი.
| Print |
FaceBook Twitter Google