პოლიტიკა
უკრაინა დაჟინებით მოითხოვს რუსეთის მიმართ მტკივნეული სანქციების დაწესებას
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არ გამოიწვევს არავითარ სამართლებრივ შედეგებს. ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უკრაინული მედია “ukrinform”-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამის შესახებ საუბარია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„უკრაინა გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისი „დამახინჯებული წარმონაქმნების“ ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილებას - ე.წ „ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები“,-ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ასეთი ქმედებებით რუსულმა მხარემ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის საფუძვლები, გაეროს(გაერთიანებული ერების ორგანიზაციის) წესდება, უარყო უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას არავითარი სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება.

„ეს გადაწყვეტილება მყისიერად გაზრდის მდგომარეობის ესკალაციას და, შესაძლოა, ნიშნავდეს რუსეთის ავტომატურ გამოთიშვას მინსკის შეთანხმებიდან. უკრაინული მხარე ხვდება რუსეთის გეგმასა და მის უკრაინის პროვოკაციის სურვილს. ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა რისკს და არ ვყვებით პროვოკაციას, ვრჩებით რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით დარეგულირების ერთგულნი“,-ვკითხულობთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროში ხაზი გაუსვეს იმას, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უკრაინული დიპლომატია იყენებს მის ხელთ არსებულ მთელ დიპლომატიურ არსენალს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს შეიარაღებული კონფლიქტი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მუდმივ კონტაქტზეა კოლეგებთან, დიპლომატიური ძალისხმევის კოორდინაციისა და საერთაშორისო ორგანოების შეხვედრების, სამიტების ჩასატარებლად, თავდაცვის დახმარების მოზიდვისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გამოყენების მიზნით.

„რუსეთის ფედერაციის მომავალი ნაბიჯები მეტწილად დამოკიდებულია მსოფლიოს რეაქციაზე. ამიტომ, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ რუსეთის წინააღმდეგ მტკივნეული სანქციების გამოყენებას, რათა მივცეთ მკაფიო სიგნალი, რომ შემდგომი ესკალაცია მიუღებელია. დადგა დრო, ვიმოქმედოთ რუსეთის აგრესიის დასასრულებლად და ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად“, - ნათქვამია განცხადებაში.
| Print |
FaceBook Twitter Google