პოლიტიკა
ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს აღარ შეხვდებიან
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა არ განიხილება. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინული მედია „ukrinform”-ი ავრცელებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკმა ბრიფინგზე განუცხადა.

ამავდროულად, ფსაკმა პირდაპირ არ გამორიცხა, შეხვედრა მომავალში შედგეს, თუმცა თქვა, რომ ბაიდენი არ შეხვდება პუტინს, თუკი რუსეთი ,ჯარის გაყვანის გზით, მდგომარეობის დეესკალაციას არ მოახდენს.

„ჩვენ არასდროს დავხურავთ კარს დიპლომატიისთვის სამუდამოდ“,-თქვა ფსაკმა, თუმცა დასძინა, რომ „დიპლომატია ვერ იქნება წარმატებული, თუკი რუსეთი არ შეცვლის კურსს“.

„ukrinform”-ის თქმით, 20 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა ჯო ბაიდენის მზადყოფნის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტთან უკრაინის გარშემო არსებული სიტუაციის განსახილველად ნებისმიერ დროსა და ფორმატში, „თუკი ეს დაგვეხმარება ომის თავიდან აცილებაში“.
21 თებერვალს „თეთრი სახლის“ პრესმდივანმა ფსაკმა თქვა, რომ ბაიდენი ორი საგარეო მინისტრის მოლაპარაკების შემდეგ პუტინთან შეხვედრას პრინციპულად დათანხმდა, თუკი რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში.

მოგვიანებით ელისეს სასახლეში განაცხადეს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პუტინსა და ბაიდენს ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე სამიტის გამართვა შესთავაზა და ორივე მხარე პრინციპულად დასთანხმდა.

22 თებერვალს კრემლში სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ცნობს ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს.

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა.
ამის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრა შეუსაბამოა.
| Print |
FaceBook Twitter Google