პოლიტიკა
ვურიგებთ იარაღს ყველა პატრიოტს-ალექსეი რეზნიკოვი
უკრაინაში იარაღის გაცემის პროცედურა მარტივდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი ვიდეომიმართვაში საუბრობს. რეზნიკოვი ვიდეომიმართვით მოუწოდებს ყველას, „ვისაც იარაღის გამოყენება შეუძლია, უკრაინის ტერიტორიის დამცველთა რიგებში ჩადგეს“.

„გავამარტივეთ პროცედურები, აიღეთ მხოლოდ პასპორტი! ვურიგებთ იარაღს ყველა პატრიოტს, ვინც უყოყმანოდ მზადაა გამოიყენოს ის მტრის წინააღმდეგ. ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ვდგავართ მწყობრად. გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების. დიდება ერთიან უკრაინას!“ - ამბობს ალექსეი რეზნიკოვი ვიდეომიმართვაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „გაერთიანებული ძალების სარდლობა განლაგებულია სამეთაურო პუნქტებზე და აკონტროლებს ქვედანაყოფებს. ამჟამად გაერთიანებული ძალების მიერ ჩამოგდებულია რუსეთს საჰაერო ძალების 6 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი.

მოგერიებულია შეტევა ქალაქ სჩასტიეზე, რომლის დროსაც ააფეთქეს 2 ტანკი და განადგურდა 50 რუსი ოკუპანტი“.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ობიექტებზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად 40-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი და ათამდე მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

უკრაინამ რუსეთთან ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ქვეყნაში გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია. გადაწყვეტილება, ამ ყველაფრის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო.
| Print |
FaceBook Twitter Google