პოლიტიკა
ყველაზე ცუდი შედეგი უკრაინის კაპიტულაციას მოჰყვება-პაატა ზაქარეიშვილი
მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის უკვე დაიწყო. პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი speqtri.ge-სთან საუბარში ორ შესაძლო შედეგს განიხილავს.

„ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი, ორი შედეგი შეიძლება იყოს: ან რუსეთი მიხვდა, რომ ჩაეფლო პოლიტიკურ ჭაობში და ვერ ამოვა, ამიტომაც წავა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე და სადაც არის, იქ გაჩერდება, ან, თუ ვერ ხვდება, რომ ძალიან ჩაეფლო, ულტიმატუმებს წაუყენებს უკრაინას,“ -ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, თუკი რუსეთი უკრაინას კაპიტულაციას მოსთხოვს, უკრაინას თავის მხრივ, ორი ვარიანტი ექნება.

„ჩვენ კი ვხედავთ და აღტაცებულები ვართ უკრაინის ბრძოლით, ნამდვილად ფანტასტიკურ რამეებს აკეთებენ, მაგრამ შეიძლება მათ უკეთესად იციან, რა რესურსები გააჩნიათ.

თუ უკრაინა წავა კაპიტულაციაზე, მთელი ქვეყან ხდება პრორუსული და, თუ უარი თქვა კაპიტულაციაზე, მაშინ ეს შეხვედრა ჩაიშლება და გაგრძელდება საომარი მოქმედებები შემდეგ მოლაპარაკებამდე“.

პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ პუტინი შესაბამისად ვერ აღიქვამს არსებულ სიტუაციას.

„დღევანდელი შეხვედრა არის ძალების მოსინჯვა. რუსეთი აშკარად ჩაფლავდა, მაგრამ ვერ ხვდება, რადგან პუტინს თავისი დამოკიდებულება აქვს და აშკარად ვერ აღიქვამს რეალობას. ამის გამო, შესალოა მას კიდევ უფრო ძვირად დაუჯდეს ეს ომი.

როგორც იცით, რუსეთი ამ ეტაპზე არ იპყრობს ქალაქებს, იმიტომ, რომ ამ შემთხვევში, დიდი სისხლისღვრა იქნება. თვითონაც ძალიან ბევრს დაკარგავს, ადგილობრივი მოსახლეობაც დაზიანდება და მსოფლიოში ამას უფრო მეტი უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვება. რუსეთს სურს, რომ ის ტერიტორიები დაიკავოს, სადაც გაივლის: გზები, უღელტეხილები, გზაჯვარედინები, გვირაბები, რკინიგზები და უკრაინა პარალიზებული გახდეს. რუსეთის სამხედრო ძალებიდან მსგავსი ამოცანა ჩანს დღეს, თუმცა ვერ აღწევენ ამას, რადგან არმია გაიფანტა და გაიშალა, კომუნიკაცია ნაკლებია და უკრაინელები შედარებით იოლად აფეთქებენ მათ ტანკებს.

რუსეთს ყველა მიმართულებით, გამოწვევები აქვს. ამიტომ, ან დაიდება შეთანხმება, ან რუსეთისთვის იდეალური ვარიანტია კაპიტულაცია, ასევე ქვეყნის შუაზე გაყოფა.

ჩემი აზრით, ამ საკითხებზე ისაუბრებენ დღეს უკრაინაში. თუ ქვეყანა იყოფა შუაზე-დასავლეთში დარჩება უკრაინის დემოკრატიული ნაწილი, დანარჩენი დარჩება რუსეთს, მაგრამ ამით ომი არ დასრულდება - იქნება პარტიზანული ომი, დაპირისპირებები რესეთ-უკრაინას შორის. უკრაინა ამ ყველაფერს რუსეთს არ შეარჩენს.

ამას დაემატება მსოფლიოს რისხვა რუსეთის წინააღმდეგ.
თუ ხალხი გამოფხიზლდება, შესაძლოა, რუსეთში დაიწყოს ეროვნული გამოსვლები, ეკონომიკური სანქციები თავის შედეგს გამოიღებს და ასე მგონია, რომ რუსეთში მოხდება სერიოზული რყევები.

სხვა შემთხვევაში, გაგრძელდება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის დღევანდელი შეხვედრის დილემა. თუკი, უკრაინამ კიდევ ერთი კვირა მაინც გაუძლო რუსეთის ამ შეტევებს და დღეს ვერ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, რუსეთი მეტად ჩაეფლობა ამ სიტუაციაში და გაუჭირდება უკან გამოსვლა.

პუტინი არ ელოდა ასეთ რეაქციას დასავლეთიდან. განსაკუთრებით, უკრაინელი ხალხისგან. მას ეგონა, რომ ყვგელა გამოვიდოდა, ყვავილებით შეეგებებოდნენ და „დღეგრძელი იყოს მეფე პუტინიო“, ასე იტყოდნენ. ასე არ აღმოჩნდა, ამიტომ ახლა ის პანიკაშია. აშკარად, ფსიქიკურად დაავადებული ადამინია და ისტერიკაში იქნება ახლა, არ იცის რა გააკეთოს. “,-ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.


პოლიტოლოგის თქმით, ყველაზე ცუდი სცენარი იქნება უკრაინის კაპიტულაცია, რადგან ასეთ შემთხვევაში, დასავლეთი ყველა დაწესებულ სანქციას მოუხსნის რუსეთს.
| Print |
FaceBook Twitter Google