პოლიტიკა
ემოციურ რეპორტაჟებში ისევ უყურადღებოდ იყო დატოვებული ობიექტური შთაბეჭდილების შემქმნელი მხარე-ლავროვი უკრაინაში სამშობიაროს დაბომბვაზე
რუსეთი 9 მარტს, ქალაქ მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვას, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამართლებს იმით, რომ „სამშობიარო მიტაცებული იყო რადიკალური ძალების მიერ“.
კერძოდ,რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დაბომბილ სამშობიაროს უკრაინული ბატალიონი „აზოვი“ იყენებდა.

„ეს სამშობიარო სახლი დიდი ხანია აზოვის ბატალიონისა და სხვა რადიკალების მიერაა მიტაცებული. იქიდან გამოყარეს ყველა მელოგინე, მედდა და მთლიანად მომსახურე პერსონალი. ეს იყო ულტრარადიკალური ბატალიონის, აზოვის ბაზა", - განაცხადა ლავროვმა დმიტრო კულებასთან თურქეთში გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, რუსმა სამხედროებმა 9 მარტს დაბომბეს ქალაქ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის შენობა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია 3, ხოლო დაჭრილია 17 ადამიანი.

ლავროვი თვლის, რომ მარიუპოლის საავადმყოფოს შენობის დაბომბვის შესახებ ხდება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და ამ თემაზე დასავლური მედიის მიერ მომზადებულ, "ძალიან ემოციურ" რეპორტაჟებში ისევ უყურადღებოდ იყო დატოვებული მეორე, "ობიექტური შთაბეჭდილების შემქმნელი" მხარე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამას ხაზი დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაუსვა.
| Print |
FaceBook Twitter Google