პოლიტიკა
ფეისბუქისა და ინსტაგრამის მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში რუსეთის სამხედროებისა და პუტინის მიმართ მუქარის შემცველი პოსტების გამოქვეყნების უფლება ექნებათ
ცნობით, კომპანია Meta ფეისბუქისა და ინსტაგრამის მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში ნებას დართავს რუსეთის სამხედროების მისამართით მუქარის შემცველი პოსტების გამოქვეყნებაზე.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით Reuters-ი ავრცელებს.

დროებით ნებადართულია შეტყობინებების პუბლიკაცია, რომლებიც სიკვდილს უსურვებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ბელარუსის ლიდერს, ლუკაშენკას. Meta-ს წარმომადგენელმა ენდი სტოუნმა დაადასტურა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე შეიცვალა წესები.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ცვლილებები შეგვაქვს პოლიტიკური გამოხატულების ფორმებში, რომლებიც ნორმალურ პირობებში დაარღვევდა ჩვენს წესებს, მათ შორის არის სისასტიკისკენ ისეთი მოწოდებები, როგორიცაა „სიკვდილი რუს ოკუპანტებს“. ჩვენ კვლავაც არ დავუშვებთ მოწოდებებს რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია სტოუნის განცხადებაში.

აშშ-ში რუსეთის საელჩომ კომპანიის მოქმედებას „ექსტრემისტული საქმიანობა“ უწოდა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა Meta-ს პასუხი აგებინოს.

„აღშფოთებას იწვევს Meta-ს აგრესიული და დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მიმართ ზიზღისა და მტრული დამოკიდებულების გაღვივებას იწვევს. კომპანიის მოქმედება კიდევ ერთი მაგალითია წესების გარეშე საინფორმაციო ომისა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მედიაკორპორაციები დასავლეთის მმართველი წრეების პროპაგანდისტულ მანქანებად იქცნენ, -“ ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.



| Print |
FaceBook Twitter Google