პოლიტიკა
გაერომ და უშიშროების საბჭომაც კი არ იმუშავა - ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსეთმა უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ 1000-ზე მეტი რაკეტა და ურიცხვი რაოდენობის ავიაბომბი გამოიყენა. ზოგიერთი ქალაქი მიწასთანაა გასწორებული.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტისთვის მიმართვაში ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში ადამიანები გარდაცვლილების ღირსეულად დაკრძალვასაც ვერ ახერხებენ და მათ დაბომბილ ეზოებში, გზის პირას და ისეთ ადგილებში კრძალავენ, სადაც ეს შესაძლებელია.

მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად ათასი ადამიანია გარდაცვლილი, რომელთა შორისაც 121 ბავშვია, 9 მილიონი უკრაინის მოქალაქემ ქვეყანა დატოვა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის ფონზე საერთაშორისო ინსტრუმენტები უძლურია და არ მუშაობს.

„გაერომ და უშიშროების საბჭომაც კი არ იმუშავა.. რა შეუძლიათ მათ? მათ რეფორმირება, გულწრფელობის ინექცია სჭირდებათ, რათა ქმედუნარიანები გახდნენ, რეალურად შეძლონ გადაწყვეტილების მიღება, რეალური გავლენა ჰქონდეთ და მხოლოდ განხილვის ფაზაში არ იყვნენ,“- განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით მსოფლიო უამრავი კრიზისის ზღვარზეა.

„ახლა წყდება მთავარი - დარწმუნდება თუ არა ყველა აგრესორი, ცხადი ან პოტენციური, რომ მათ მიერ წამოწყებულ ომს მოჰყვება ისეთი ძლიერი სასჯელი, რომ არც კი უღირთ ამის წამოწყება, რომ მათ არ უღირთ მშვიდობის დარღვევა“,- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ამასთან ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას შესაძლო ქიმიური თავდასხმების შესახებ აფრთხილებენ, მათ შორის „ზარინის“ თაობაზე, რომელიც სირიაში იყო გამოყენებული.
| Print |
FaceBook Twitter Google